Babies and Parents

31 August 2009

სანდროს წიგნები














სანდრო ასათიანი ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემთვის, მითუმეტეს როცა გავიგე, რომ ის მხატვარი, მწერალი, დიზაინერი, მსახიობი და კარგი მეზღაპრეც ყოფილა, თანაც ძალიან თანამედროვე, საინტერესო და ვფიქრობ ბავშვებისთვის უთუოდ საყვარელი ავტორი და მეგობარიც გახდება.
დაამთავრა სამხატვრო აკადემია, წიგნის ილუსტრაციის ფაკულტეტი. ბევრს ხატავდა და იგონებდა პერსონაჟებს. მერე გამომცემლობა “დიოგენეში” დაიწყო მუშაობა. თან ხელნაკეთ წიგნებს აკეთებდა, წერდა მოკლე ისტორიებს, მათთვის ილუსტრაციებს ხატავდა და მეგობრებს ჩუქნიდა.
ფლორენციაში “ლიბრილიბერის” გამომცემლობამ დაბეჭდა სანდროს წიგნები და იქ დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამომცემლობას თავისი თეატრიც ჰქონია, სადაც სანდროს წიგნის მიხედვით სპექტაკლიც დაუდგამთ. მსახიობები და მაყურებლები სხვადასხვა საგანს განასახიერებდნენ: ტელესკოპს, ფოტოაპარატს, ჩაიდანს. თავად სანდროს საათის და კოღოს როლი ერგო.
რა უცნაურია, ამ საოცარი წიგნების გამოცემა უცხოელებმა რომ დაასწრეს ქართველ გამომცემლებს. თუმცა ქართველი მკითხველი მალე გაიცნობს ქართულ ენაზე სანდროს ისტორიებს.
მანამდე სანდროს ზღაპრებს მის ვირტუალურ გამომცემლობაში გაეცნობით -
როგორც სანდრო ამბობს, მისი ელექტრონული წიგნები – “ესაა რაღაც საშუალო წიგნებს, კომპიუტრეულ თამაშებსა და მულტფილმს შორის”. თუმცა მე ამას ანიმაციურ წიგნებს დავარქმევდი.
ამ “უცნაურ” წიგნებში საგნები თავად გვიყვებიან საკუთარ ამბავს. თხრობა სადაა, მოკლე და ირონიული, ზოგჯერ სევდიანიც. მოკლედ, ესაა ჯადოსნური ნახატები სიტყვების თანხლებით თუ პირიქით... იქნებ სუფთა ემოციები...
სანდროს პატარა წიგნებში: “დაუსრულებელი ისტორია ანუ სამი წერტილი”, “ერთი ჩვეულებრივი ამბავი”, “ძველი მუზეუმი”, “გატეხილი გული”,”ძველებური ტელესკოპი”, “უცნაური ბინოკლები”, “ლუიჯის ღვინის მაღაზია” - საგნებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. სადმე გინახავთ წითელი ყავის ჭიქა, რომელსაც ყავა “უფრო უხდება”? ან ხოჭო, რომელიც უცნაურ ხმებს გამოსცემს, ან კალია, რომელისაც მაგიდის გადასაფარებელი არ აქვს და მარტოა, თეთრი ანგელოზები ვარსკვლავების ზემოთ რომ ცხოვრობენ... მწერები, რომლებმაც კითხვა არ იციან, ნარჩენებით იკვებებიან, წერილებსაც არ წერენ, სიზმრებსაც ვერ ნახულობენ. სანდროს ბინოკლებით დანახული სიტყვები მართლაც რომ უცნაურად მოსჩანს. ჰოდა, ამ გმირებისა და ნაწერების კითხვისგან გაბრუებული ისე უყურებ “ღვინის მაღაზიაში” ბოთლში “ჩასხმულ” ტექსტს, გგონია წრუპავ როგორც ღვინოს და ფიქრობ: ვინაა “დიდი მოგზაური”, ეს უცნაური მწერი, ან საერთოდ ვინ ვართ ჩვენ?
სანდროს სამყაროში ყველაფერი მისივე ხელითაა შექმნილი: ტექსტის შრიფტი და ილუსტრაციები, წიგნებს მუყაოს უბრალო ყდით კრავს... თავადვე თარგმნის იტალიურად, რუსულად და ინგლისურად. რაც მთავარია ბავშვებისთვის წერს ისე, რომ მათთვის ყველაფერი მარტივად იყოს გასაგები.
სანდროს ვირტუალურ გამომცემლობაში პატარები თამაშებსაც იპოვიან და მის გმირებსაც უკეთ გაიცნობენ. თამაშებიც ბავშვებს რუსული და ინგლისური ენების სწავლაში დაეხმარება. წესებიც იოლია: პატარამ უნდა გამოიცნოს წიგნის გმირები და მათი სახელები ჩაწეროს. აქ კომპიუტერული გასაფერადებელიც არის სხვადასხვა ნახატებით პატარებს რომ გაახალისებს.
სანდროს “სკრინსეივერები” შეგვიძლია გადმოვტვირთოთ, ზღაპრები ამოვბეჭდოთ და ჩვენს პატარასთან ერთად დავამზადოთ ხელნაკეთი წიგნები.
სანდრო ასათიანის ილუსტრაციები

ირენ მახარაძე
2009

1 comment:

fe_male said...

ამ დილით ვუსმენდი საქართველოს რადიოს, დილის ეთერში სანდრო ასათიანის ზღაპრულ სამყაროზე იყო საუბარი.. ძალიან მომეწონა, წაიკითხეს აღელვებულ ხოჭოზე პატარა მოთხრობა.. სახლიდან ძალიან ამაღლებული განწყობით გამოვედი. გადავწყვიტე მეპოვნა აღელვებული ხოჭო და მისთვის სახლის სახურავი ანუ კენჭი მეჩუქებინა... ამ ფიქრებში გართული მივუყვები სამსახურისკენ გზას და... ბეღურები პატარა ხოჭოს ნისკარტს უკაკუნებდნენ... ვინ იცის იქნებ ეს იყო სახლის სახურავის გარეშე დარჩენილი აღელვებული ხოჭო....((((