Babies and Parents

Showing posts with label წიგნები Books. Show all posts
Showing posts with label წიგნები Books. Show all posts

30 May 2013

ტკბილეული პატარებისთვის Sweets For Kids

ტკბილეული პატარებისთვის  - გამომცემლობა პალიტრა L,  2010
     ეს წიგნიც წიგნის ფესტივალზე შევიძინე. დიდი ხანია ვაპირებდი ყიდვას, მაგრამ ვერ მოვახერხე. ფესტივალზეც ვიყოყმანე, მართალია, ნახევარ ფასად იყიდებოდა ( 8 ლარი ღირდა), თან "პალიტრას" კონსულტანტმა გოგონამ არაფრის დიდებით არ გახსნა ცელოფანში შეფუთული წიგნი, რომ თვალი გადამევლო რეცეპტებისთვის. მაინც ვიყიდე. იმიტომ რომ ავტორი დომინიკ სესიონი ცნობილი ფრანგი რესტორატორი, სანდოდ მომეჩვენა. არც შევმცდარვარ. ნამდვილად ღირდა ამ წიგნის ყიდვა:) ჩემი შვილიც გავახარე ამ სახალისო რეცეპტებით.

ქართული ანბანი Georgian Alphabet




ავტორი: მარიამ წიკლაური
ილუსტრაციები: ნანა მელქაძე
ფასი 19.90 ლარი

 
     ამ ტიპის წიგნს დიდხანს ველოდი, ვგულისხმობ იმას, რომ გამოცემის ხარისხი - ფუფმფულა და საყვარელი, ფერადი და პრიალა, ძალიან სწორად და გემოვნებითაა შეხამებული წიგნის შინაარსთან და დანიშნულებასთან.
     წიგნი ერთდროულად არის ქართული ანბანი, ილუსტრირებული ლექსიკონი და ანბანის მიხედვით კოხტად დალაგებული მარიამ წიკლაურის სახლისო ლექსების კრებული. მართლა საუკეთესო ლექსებია. ბავშვი ამ წიგნით ისწავლის ანბანს, ნახატების დახმარებით შეეცდება ლექსიკონის გვერდებიდან სიტყვების ამოცნობას, წაიკითხავს მხიარულ ლექსებს ცხოველებზე, ფრინველებზე, მისთვის ნაცნობ საგნებზე, პატარებზე.
     ნანა მელქაძის ნახატები ჩემთვის აღმოჩენა იყო. როგორც ვნახე, თურმე არა ერთი შესანიშნავი ილუსტრაციის ავტორი ყოფილა. ძალიან მომწონს მისი ხატვის მანერა, მისი თანამედროვე,  საყვარელი  და ლაღი პერსონაჟები, ნათელი ფერები და ბავშვებისთვის აბსოლუტურად გასაგები მხატვრული ენა. ვისურვებდი, საბავშვო გამოცემებში ყოველთვის ასეთ გემოვნებიან ილუსტრატორებს ანდონ საბავშვო წიგნების გაფორმება.


გემრიელი ტორტები Delicious Cakes

გემრიელი ტორტები - ახალი წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან
წელს წიგნის ფესტივალზე ბევრი საინტერესო წიგნი შევიძინე, ჩემთვის და ბავშვებისთვის, ძალიან გამეხარდა რომ ფასდაკლებებიც კარგი იყო. 
გემრიელ ტორტებს გულგრილად ვერ ჩავუარე და ვიყიდე. ბევრი საინტერესო რეცეპტია, კარგი ილუსტრაციებით.   განსაკუთრებით კრემების ვარიაციები მაინტერესებდა და აუცილებლად დავტესტავ ყველას.:)


ამ წიგნში თავმოყრილია ევროპელი კულინარების მიერ შედგენილი და საქართველოში აპრობირებული 90 ახალი და კლასიკური რეცეპტი.

 ნაღებიანი, კრემიანი, ხილის, შოკოლადიანი და ალკოჰოლიანი ტორტების დიდი მრავალფეროვნება.
 მარტივი, გასაგები ენით დაწერილი მითითებები, ზუსტი ინსტრუქციები და ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც საქართველოშიც იყიდება.
 სასარგებლო, პრაქტიკული რჩევები, როგორც გამოცდილი მცხობელებისთვის, ისე ახალბედა დიასახლისებისთვის.
გამოცემის თარიღი  2013
ფასი: 21.9 ლარი (წიგნის ფესტივალზე ღირდა 15.70 ლარი)

15 July 2012

თეა თოფურია "გასაღვიძებელი ზღაპრები"

თეა თოფურია
"გასაღვიძებელი ზღაპრები"

ძალიან კარგი წიგნი, საუკეთესო რაც ამ ბოლო დროს შემხვედრია ბავშვებისთვის. ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ისაა, რაც ჩემ მოუსვენარ ვაჟკაცს მოსწონს:) მადლობა თეა თოფურიას და გამომცელობა დიოგენეს ასეთი გამოცემისთვის ♥

25 April 2010

სანდროს წიგნები

სანდრო და მიკრობი
ეს მძაფრსიუჟეტიანი დეტექტივი, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც თორმეტ გვერდზე იშლება და თითო გვერდზე მხოლოდ ერთი წინადადებაა, მკითხველს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს. თქვენ ვერ მოწყდებით მას სანამ ბოლომდე არ წაიკითხავთ. ფინალი კი თან ტრაგიკულია და თან სასიხარულო. თან უბრალო და თან ფილოსოფიური. ნუ გამოტოვებთ ამ წიგნს და მძაფრი გრძნობები გარანტირებული გექნებათ. თანაც წიგნი რეალურ ფაქტებს ეყრდნობა.



ძველებური ნივთების მუზეუმი
ძველებური ტელესკოპი
დაბზარული გული

ამ წიგნების სერია ძველ ნივთებზეა, ახლა ისინი მუზეუმში ცხოვრობენ არადა „...ოდესღაც პატიოსნად ასრულბდნენ თავიანთ მოვალეობას. აი მაგალითად ძველებურ ტელეფონს თავის დროზე იმდენი სისულელე აქვს ნათქვამი და მოსმენილი, რომ ახლა სულ დუმს. დიდი ძველებური საათი კი დაბერდა და გულმავიწყი გახდა, ჩამორჩენა დაიწყო ...“ და ის მუზეუმში მოიტანეს. ამ წიგნებიდან უამრავ საინტერესო ისტორიას შეიტყობთ: შესაძლებელია თუ არა დამსხვრეული გულის გამთლიანება, რამ გააოცა ძველებური ტელესკოპი რომელმაც ყველაფერი იცოდა ცის, ვარსკლავების და გალაქტიკების შესახებ და როგორ მოხვდა უზარმაზი თვითმფრინავი მუზეუმში.


ამურის სამი ისარი
„უცნაური რამ არის სიყვარული. უკვე მრავალი საუკუნეა, რაც კაცობრიობა ცდილობს გაიგოს საიდან იბადება ეს გრძნობა და რა კანონზომიერებებს ექვემდებარება. მაგრამ, როგორც ცნობილია, ყველა ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა, რადგანაც ვერავინ შეძლო, სიყვარულის ფორმულა გამოეყვანა.“ არადა ყველაფერს ძალზედ მარტივი ახსნა აქვს, ანტიკური დროიდან არის ცნობილი რომ სიყვარულს პატარა ცელქი ამურები განაგებენ. თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივად არის ვინაიდან ხანდახან ამურებსაც მოსდით შეცდომები


ძველი ფოტოაპარატი
პატარა თამთას ძალიან, ძალიან პატარა მეგობარი ჰყავს, იგი თამთას ძველ ფოტოაპარატში ცხოვრობს და ერთობ ონავარა ვინმეა. თამთას ძალიან მოსწონს თავისი პატარა, მეგობრის ოინები და საერთოდ არ აინტერესებს რას ფიქრობენ ამაზე სხვები, მითუმეტეს უფროსები. თქვენც შეგიძლიათ დაუმეგობრდეთ თამთას პატარა მეგობარს და მისი ნამოქმედარის შესახებ შეიტყოთ


უცნაური წიგნი
როგორც ცნობილია წიგნში ან ნაწერები უნდა იყოს ან ნახატები, ან კი ორივე ერთად. მაგრამ წიგნში რომელიც პატარა ელენეს აჩუქეს არც ერთი იყო და არც მეორე. აბა მაშინ რა იყო ამ წიგნში? იკითხავთ თქვენ. და მე გიპასუხებთ რომ უბრალოდ თეთრი ფურცლები და მეტი არაფერი. თუმცა რაღაც დროის მერე, როდესაც ელენემ წიგნი კვლავ,გადაშალა მის და გასაკვირად წიგნში ნახატები დახვდა. წიგნი მეტად უცნაური აღმოჩნდა და ელენეს თავისი სიზმრები გაახსენა რომელთაგან ერთი ძალიან ცუდი და საშაში იყო. მეორე კი კარგი და მხიარული.

23 April 2010

ზაზა თვარაძე, "მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა", "ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა", 2009


"ელი პატარა, მაგრამ უშიშარი გოგონაა, რომელსაც ბოროტი ჯადოქრებისაც კი არ ეშინია. ის არც შორეული სამეფოს დიდებული პრინცესაა და არც ტყისპირას უბადრუკ ქოხში გაზრდილი ღარიბი გოგონა. ელი თბილისში, ღრმაღელის უბანში, ერთ მრავალსართულიან სახლში ცხოვრობს და ომში დაკარგული მამის საძებნელად მარტოდმარტო მიდის ოქროყანისკენ. ბოროტ ჯადოქრებსაც სწორედ ამ გზაზე გადაეყარა...
თუმცა, კეთილი ჯადოქრებიც ხომ არსებობენ?! ალბათ მიხვდით, რომ ბოროტ ჯადოქრებს არ სურთ, ელიმ მამა იპოვოს; კეთილი ჯადოქრები კი პირიქით - გოგონას ეხმარებიან...
წაიკითხეთ ზღაპარი, იმოგზაურეთ ელისთან ერთად ოქროყანაში და შეიტყობთ, რით დამთავრდება ეს ამბავი და იპოვის თუ არა შვიდი წლის გოგონა თავის მეომარ მამას".
http://www.sulakauri.ge/

02 March 2010

მოდით, ვისაუბროთ ამაზე!




















გრძნობით დაწერილი მოთხრობები ბავშვებისთვის და მშობლებისთვის

ავტორი: ჯენიფერ მურ-მალინოსი
ილუსტრაციები: მარტა ფაბრეგა
ქართული ტექსტის ავტორი: გაგა ლომიძე
ფსიქოლოგ-კონსულტანტი: ნანა ჩაჩუა
რედაქტორი: დოდო კარანაძე
გამომცემელი: ქეთევან კიღურაძე
©გამომცემლობა სიესტა“ 2009
© 2008  Gemser Publications S.L.
 სერიის სახელწოდება ინგლისურ ენაზე Lets Talk About
5 – დან – 11 წლამდე ასაკის პატარებისთვის
ყველა დედა მუშაობს. მნიშვნელობა არ აქვს ქალი შინ მუშაობს და ოჯახს უვლის თუ სამსახურში დადის. ყველა დედა მუშაობს და მათი სამუშაო ორივე შემთხვევაში მნიშვნელოვანია! „დედაც მუშაობს“ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ, ჩვენი შვილები უკეთ გაიგებენ იმ მიზეზებს, რის გამოც ორივე მშობელი სამსახურში სიარულს ირჩევს. წიგნში აღწერილია ბავშვის ტიპიურ რეაქცია დედის სამსახურში სიარულთან დაკავშირებით. პატარები ხომ ხშირად მარტო გრძნობენ თავს და მშობლებისგან ყურადღებას და სიყვარულს ელიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა დედა სამსახურში სიარულს იწყებს. ეს წიგნი დაარწმუნებს პატარას, რომ დედას ის ნამდვილად უყვარს და აუხსნის რატომაა აუილებებლი ყველა დედამ იმუშაოს.


 პატარა ბავშვები დაბნეული და გულნატკენი არიან, როცა გაიგებენ რომ მშობლებმა განქორწინება გადაწყვიტეს. ეს გრძნობით დაწერილი წიგნი „როცა ჩემს მშობლებს დაავიწყდათ როგორ ემეგობრათ“გონივრულად უხსნის ბიჭუნებს და გოგონებს, რომ მათ ამაში ბრალი არ მიუძღვით.
თითქმის  ყველა პატარას აქვს საკუთარი ფიქრები და წარმოდგენები ადამიანებთან ურთიერთობებზე. „მოდით, ვისაუბროთ ამაზე „  სერიის წიგნები შეიქმნა განსაკუთრებულად მათთვის. ყოველი წიგნი გაფორმებულია ფერადი ილუსტრაციებით. მშობლებს ვურჩევთ ხმამაღლა წაუკითხონ ეს მოთხრობები თავინთ პატარებს, ერთად დაათვალიერონ მომხიბლავი ნახატებიანი ისტორიები ბიჭუნებისთვის და გოგონებისთვის. უმცროსკლასელები თავადაც შეძლებენ გაეცნონ ამ მოთხრობებს. 
„მე განსაკუთრებული ბებია და ბაბუა მყავს“ წიგნი ეძღვნება არაჩვეულებრივ  ურთიერთობებს რაც ჩვეულებრივ არსებობს პატარებსა და ბებიაბაბუებს შორის. ეს მომხიბლავი ამბავი ასწავლის ჩვენს შვილებს დააფასონ და მოუფრთხილდნენ მოსიყვარულე ბებია და ბაბუას.
ბევრი საიდუმლოს შენახვა სახლისოა – მაგალითად, სასიხარულო სიურპრიზია დედიკოსთვის დაბადების დღის საჩუქარის მირთმევა. მაგრამ ზოგი საიდუმლოს შენახვა პატარებისთვის არასასიამოვნოა. ამიტომ ასეთი საიდუმლო მშობლებს უნდა გაუზიარონ. მშობლებთან ან სხვა სანდო ადამიანებთან იმ გრძნობების გაზიარება რაც პატარებს აწუხებთ არის მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი პრობლემების დასაძლევად და ემოციური ზრდის მისაღწევად. ამაში კი „გაქვს შენ საიდუმლო?“ დაგვეხმარება. თანაც, ყოველი წიგნის ბოლოს მცირე ადგილი ეთმობა სასარგებლო რჩევებს მშობლებისთვის (ასაკი 5-11 წლამდე).
 ეს წიგნები ბავშვებს თავდაჯერებულობას შემატებს, ასწავლის  საკუთარ გრძნობებში გარკვევას და ღიად საუბარს იმ თემებსა და პრობლემემზე, რაც მათ აწუხებთ. ჩვენი შვილები უკეთ გაიგებენ იმ მიზეზებს, რის გამოც ორივე მშობელი სამსახურში სიარულს ირჩევს. ჩვენთან ერთად დაფიქრდებიან როგორი საიდუმლო შეიძლება შეინახონ და რომელი აუცილებლად გაანდონ დედიკოს და მამიკოს.  ასევე გაიაზრებენ რატომაა მათი ბებია და ბაბუა ასეთი განსაკუთრებული და საყვარელი.  ის პატარები, ვისი დედიკო და მამიკოც ერთად აღარ ცხოვრობს, შეძლებენ ჯანსაღად გაიაზრონ მშობლების განშორება.
 

25 September 2009

მათემატიკა ბავშვებისთვის - გამომცემლობა "დილა"



















წიგნი XIII. მათემატიკა
ზომა: 297X210 მმ.
132 გვ. ფერადი;
ცარცის ქაღალდი;
მუყაოს ლამინირებული გარეკანი;
ავტორ-შემდგენელი: რომანოზ დანელია, ჯემალ ჯინჯიხაძე
მხატვარი: თეა მიქაია
გამომცემლობა დილა : ფართო გზა თანამედროვე მათემატიკისაკენ მარტივი, ანბანური დებულებებიდან იწყება. თუ გინდათ მეტი გაიგოთ და იცოდეთ ამ უძველესი მეცნიერების შესახებ, მათემატიკის პირველი ქართული საყმაწვილო ენციკლოპედია თქვენს ხელთაა. გარდა იმ აუცილებელი საკითხებისა, რომლებსაც სკოლის სახელმძღვანელოებში შეხვდებით, ამ წიგნში უამრავ საინტერესო და თავშესაქცევ ამბებსაც წაიკითხავთ: იცით, რომელი ქვეყანა ითვლება მათემატიკის სამშობლოდ, როგორ ითვლიდნენ ადამიანები ძველად ან ვინ მოიგონა მათემატიკური ნიშნები? რა კავშირია ფერწერასა და გეომეტრიას შორის და რატომ უნდა იცოდეს მხატვარმა მათემატიკა? როგორ დაუდო საფუძველი ღვინის კასრმა მათემატიკის თანამედროვე დარგის - ინტეგრალური აღრიცხვის ჩამოყალიბებას? გსმენიათ რამე ერატოსთენეს საცერზე, მაგიურ კვადრატზე, ფიბონაჩის კურდღლების ფერმაზე...
ეს მცირე ნაწილია წიგნში წარმოდგენილი იმ ზღვა მასალისა, რომელიც მათემატიკას თქვენთვის უფრო საინტერესო საგნად აქცევს და იმედია, შეგაყვარებთ კიდეც.
© დილა

31 August 2009

სანდროს წიგნები














სანდრო ასათიანი ნამდვილი აღმოჩენა იყო ჩემთვის, მითუმეტეს როცა გავიგე, რომ ის მხატვარი, მწერალი, დიზაინერი, მსახიობი და კარგი მეზღაპრეც ყოფილა, თანაც ძალიან თანამედროვე, საინტერესო და ვფიქრობ ბავშვებისთვის უთუოდ საყვარელი ავტორი და მეგობარიც გახდება.
დაამთავრა სამხატვრო აკადემია, წიგნის ილუსტრაციის ფაკულტეტი. ბევრს ხატავდა და იგონებდა პერსონაჟებს. მერე გამომცემლობა “დიოგენეში” დაიწყო მუშაობა. თან ხელნაკეთ წიგნებს აკეთებდა, წერდა მოკლე ისტორიებს, მათთვის ილუსტრაციებს ხატავდა და მეგობრებს ჩუქნიდა.
ფლორენციაში “ლიბრილიბერის” გამომცემლობამ დაბეჭდა სანდროს წიგნები და იქ დიდი პოპულარობით სარგებლობს. გამომცემლობას თავისი თეატრიც ჰქონია, სადაც სანდროს წიგნის მიხედვით სპექტაკლიც დაუდგამთ. მსახიობები და მაყურებლები სხვადასხვა საგანს განასახიერებდნენ: ტელესკოპს, ფოტოაპარატს, ჩაიდანს. თავად სანდროს საათის და კოღოს როლი ერგო.
რა უცნაურია, ამ საოცარი წიგნების გამოცემა უცხოელებმა რომ დაასწრეს ქართველ გამომცემლებს. თუმცა ქართველი მკითხველი მალე გაიცნობს ქართულ ენაზე სანდროს ისტორიებს.
მანამდე სანდროს ზღაპრებს მის ვირტუალურ გამომცემლობაში გაეცნობით -
როგორც სანდრო ამბობს, მისი ელექტრონული წიგნები – “ესაა რაღაც საშუალო წიგნებს, კომპიუტრეულ თამაშებსა და მულტფილმს შორის”. თუმცა მე ამას ანიმაციურ წიგნებს დავარქმევდი.
ამ “უცნაურ” წიგნებში საგნები თავად გვიყვებიან საკუთარ ამბავს. თხრობა სადაა, მოკლე და ირონიული, ზოგჯერ სევდიანიც. მოკლედ, ესაა ჯადოსნური ნახატები სიტყვების თანხლებით თუ პირიქით... იქნებ სუფთა ემოციები...
სანდროს პატარა წიგნებში: “დაუსრულებელი ისტორია ანუ სამი წერტილი”, “ერთი ჩვეულებრივი ამბავი”, “ძველი მუზეუმი”, “გატეხილი გული”,”ძველებური ტელესკოპი”, “უცნაური ბინოკლები”, “ლუიჯის ღვინის მაღაზია” - საგნებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. სადმე გინახავთ წითელი ყავის ჭიქა, რომელსაც ყავა “უფრო უხდება”? ან ხოჭო, რომელიც უცნაურ ხმებს გამოსცემს, ან კალია, რომელისაც მაგიდის გადასაფარებელი არ აქვს და მარტოა, თეთრი ანგელოზები ვარსკვლავების ზემოთ რომ ცხოვრობენ... მწერები, რომლებმაც კითხვა არ იციან, ნარჩენებით იკვებებიან, წერილებსაც არ წერენ, სიზმრებსაც ვერ ნახულობენ. სანდროს ბინოკლებით დანახული სიტყვები მართლაც რომ უცნაურად მოსჩანს. ჰოდა, ამ გმირებისა და ნაწერების კითხვისგან გაბრუებული ისე უყურებ “ღვინის მაღაზიაში” ბოთლში “ჩასხმულ” ტექსტს, გგონია წრუპავ როგორც ღვინოს და ფიქრობ: ვინაა “დიდი მოგზაური”, ეს უცნაური მწერი, ან საერთოდ ვინ ვართ ჩვენ?
სანდროს სამყაროში ყველაფერი მისივე ხელითაა შექმნილი: ტექსტის შრიფტი და ილუსტრაციები, წიგნებს მუყაოს უბრალო ყდით კრავს... თავადვე თარგმნის იტალიურად, რუსულად და ინგლისურად. რაც მთავარია ბავშვებისთვის წერს ისე, რომ მათთვის ყველაფერი მარტივად იყოს გასაგები.
სანდროს ვირტუალურ გამომცემლობაში პატარები თამაშებსაც იპოვიან და მის გმირებსაც უკეთ გაიცნობენ. თამაშებიც ბავშვებს რუსული და ინგლისური ენების სწავლაში დაეხმარება. წესებიც იოლია: პატარამ უნდა გამოიცნოს წიგნის გმირები და მათი სახელები ჩაწეროს. აქ კომპიუტერული გასაფერადებელიც არის სხვადასხვა ნახატებით პატარებს რომ გაახალისებს.
სანდროს “სკრინსეივერები” შეგვიძლია გადმოვტვირთოთ, ზღაპრები ამოვბეჭდოთ და ჩვენს პატარასთან ერთად დავამზადოთ ხელნაკეთი წიგნები.
სანდრო ასათიანის ილუსტრაციები

ირენ მახარაძე
2009