Babies and Parents

30 May 2013

ტკბილეული პატარებისთვის Sweets For Kids

ტკბილეული პატარებისთვის  - გამომცემლობა პალიტრა L,  2010
     ეს წიგნიც წიგნის ფესტივალზე შევიძინე. დიდი ხანია ვაპირებდი ყიდვას, მაგრამ ვერ მოვახერხე. ფესტივალზეც ვიყოყმანე, მართალია, ნახევარ ფასად იყიდებოდა ( 8 ლარი ღირდა), თან "პალიტრას" კონსულტანტმა გოგონამ არაფრის დიდებით არ გახსნა ცელოფანში შეფუთული წიგნი, რომ თვალი გადამევლო რეცეპტებისთვის. მაინც ვიყიდე. იმიტომ რომ ავტორი დომინიკ სესიონი ცნობილი ფრანგი რესტორატორი, სანდოდ მომეჩვენა. არც შევმცდარვარ. ნამდვილად ღირდა ამ წიგნის ყიდვა:) ჩემი შვილიც გავახარე ამ სახალისო რეცეპტებით.



   დომინიკ სესიონის წიგნში „ტკბილეული პატარებისთვის“ წარმოდგენილია მარტივი და სახალისო რეცეპტები, რომლის მომზადებას ბავშვები ადვილად შეძლებენ, ზოგჯერ უფროსის დახმარებაც დასჭირდებათ გაზქურის დასანთებად. გემრიელი შუ, შოკოლადის ნამცხვარი, თაფლაკვერის კაცუნა, მეფის გალეტი, ბლინები, ტატენი მანგოთ და ა.შ. გუგლგრილს არ დატოვებს არც პატარა და არც დიდ გურმანს.

   ახლა კი ორიოდე სიტყვა თავად დომენიკ სესიონის შესახებ:






   პიერ დომინიკ სესიონი ცნობილი პარიზელი რესტორატორია, რომელიც თავის კულინარიულ სკოლაში „ხუთი გრძნობის აკადემია“ ასწავლის როგორც ბავშვებს, ასევე დიდებს.  დომინიკ სესიონს ბავშვებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს,  მარტივად ესმით ერთმანეთის, თითქოს თანატოლები იყვნენ.

ბავშვები გაკვეთილზე მოდიან წინასწარ შეთანხმებით. მშობლები ინტერესით აკვირდებიან როგორ ირგებენ მათი შვილები წინსაფრებსა და ქუდებს, პაწაწინა მზარეულები როგორ იწყებენ ფუსფუსს სამზარეულოში. თავიდან დომინიკი პატარა მზარეულებთან ერთად გულდასმით განიხილავს რეცეპტს. ის ამბობს, რომ ყველას შეუძლია მოამზადოს ნებისმიერი კერძი, საჭიროა მხოლოდ იცოდე, რისი მომზადება გსურს და როგორ უნდა გააკეთო ეს. რასაც ბავშვები მოამზადებენ, თან ატანს სახლში, და საღამოს, როცა მთელი ოჯახი სავახშმოდ შეიკრიბება, ყველა გასინჯავს დამწყები კულინარის ქმნილებას. და აუცილებლად შეაქებს მას. 

წყარო: L´académie des 5 sens



No comments: