Babies and Parents

14 September 2011

საბალეტო სტუდია "ფუეტე" Studio Fuette



















მინდა გაგაცნოთ ნინო მახათაძე – საბალეტო სტუდია “ფუეტე”-ს ხელმძღვანელი. სასიამოვნო ახალგაზრდა ქალი, გახსნილი მზერით, მომხიბვლელი ღიმილით. ნინო გულწრფელი კეთილგანწყობით დამთანხმდა მიამბოს თავისი სტუდიის შესახებ.

დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრეაფიული სასწავლებელი. შემდეგ თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით - კლასიკური და სახასიათო ცეკვების პედაგოგ-ქორეოგრაფი. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახალმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა-სტაჟირების ორწლიან კურსზეც დაეუფლა სასცენო მოძრაობის ხელოვნებას. სასწავლებელში სწავლის პერიოდში ნინოს უცეკვია ვარიაციები ბალეტიდან "შოპენიანა", "დონ კიხოტიდან", "მუსიკალური მომენტი", "ხორუმი", ასევე გოგი ალექსიძის ორ დადგმასა და ბალეტში "ექიმი აიბოლიტი".

ისე მოხდა, რომ საშემსრულებლო კარიერა დაასრულა უმაღლესში ჩაბარების შემდეგ. თუმცა სწავლის პროცესში არც ერთი სტუდენტური დღეების კონცერტი არ გამოუტოვებია. “ვასრულებდით ჩვენივე დადგმულ ქორეოგრაფიულ ნომრებს - მითხრა ნინომ.
ნინოს საკმაო გამოცდილება აქვს პედაგოგიური მოღვაწეობის. თავიდან მუშაობდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, კლასიკური და სახასიათო ცეკვის პედაგოგად (1997 წლიდან ინსტიტუტის თეატრალურთან შეერთების დღემდე); ახლა აგრძელებს მუშაობას შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში; 12 წელი იმუშავა შ.პ.ს. კულტურის კოლეჯში, ასევე კლასიკური და სახასიათო ცეკვის პედაგოგად, მუშაობდა სხვადასხვა ვოკალურ-ქორეოგრაფიულ და ქართული ცეკვის ბავშვთა ანსამბლებში.
და დადგა დრო, როდესაც გაჩნდა სურვილი დაგროვილი გამოცდილება გადასცეს ახალ თაობას, განახორციელოს შემოქმედებითი გეგმები, შეაყვაროს ბავშვებს ხელოვნების, ცეკვის სამყარო.
მოკლედ, ნინომ გადაწყვიტა შეექმნა საბალეტო სტუდია “ფუეტე”: “სტუდიის გახსნა მაიძულა ალბათ საკუთარი თავის კიდევ ერთხელ გამოცდის სურვილმა. უკვე მქონდა ინსტიტუტში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება და ამანაც გამაბედინა. ვფიქრობ, განსხვავება სხვა საბალეტო სტუდიებისგან ალბათ ის გვაქვს რომ ვცდილობთ იმ საკონცერტო ნომრებში, რომლითაც არაერთი ოქროს მედალი აგვიღია ჩავრთოთ ერთდროულად სუფთა ბალეტიც და მსოფლიოს ხალხთა ცეკვებიც, მაგ: იტალიური, ეგვიპტური, ესპანური და სხვა”.

სტუდია “ფუეტე” დაარსდა 2006 წელს ქ. თბილისში, რუსთაველის #18. ამჟამად მდებარეობს აღმაშენებლის #164 (თუმანიშვილის თეატრთან).
საბავშვო საბალეტო სტუდიაში სწავლება მიმდინარეობს კვირაში ორჯერ ან სამჯერ ასაკობრივი ან მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით. სტუდიაში არის რამდენიმე ჯგუფი, სადაც ბავშვების მიღება ხდება ასაკისა და ინტერესების გათვალისწინების მიხედვით.
ვფიქრობ, საინტერესო იქნება გაგაცნოთ “ფუეტე”- მეცადინეობების სტილი: I, მოსამზადებელი ჯგუფი _ არის გათვალისწინებული 4-დან – 6 წლამდე პატარებისთვის და მეცადინეობა მიმდინარეობს კვირაში ორჯერ, გათვლილია მათი ყურადღების, კოორდინაციისა და მოქნილობის გასავითარებლად. მოსამზადებელი II _ 6დან -8 წლის ბავშვებისთვისაა და გულისხმობს მოსწავლეთა მომზადებას შემდგომ (სურვილისამებრ) საბალეტო ანბანის ასათვისებლად.9-10 წლისანი პირველი კლასიდან იწყებენ კლასიკური ბალეტის საფუძვლების შესწავლას, რადგან მოცემული ასაკი ზუსტად შეესაბამება იმ პარამეტრებს, რომელიც შემუშავებულია წლების მანძილზე გამოცდილი პედაგოგების მიერ. “ფუეტე” სთავაზობს ბავშვებს გამაჯანსაღებელ ფიზკულტურასაც, პატარებისთვის, რომელთაც იქნებ სულაც არ უნდათ პროფესიონალურ დონეზე ისწავლონ ცეკვა. აქ ბავშვები გამაჯანსაღებელ ვარჯიშებზეც დადიან, მაგალითად ხერხემლის გამრუდების, ბრტყელტერფიანობის, ან სხვა ფიზიკური დეფექტის გამოსასწორებლად, რაც ასე ხშირია დღეს.
მსოფლიო ხალხთა ცეკვების ანსამბლში მიღება წარმოებს კონკურსის წესით. მიიღებიან 10-დან 17 წალამდე ასაკის გოგონები და ვაჟები, სასურველია კლასიკური ან ქართული ხალხური ქორეოგრაფიის საფუძვლების ცოდნა.
სტუდიას მონაწილეობა მიუღია სხვადასხვა რესპუბლიკურ და საქალაქო ფესტივალებსა და კონკურსებში. არის არაერთი რესპუბლიკური კონკურსის გამარჯვებული, ლაურეატი და ოქროს მედლების მფლობელი.
ნინო მართლაც ნიჭიერი ბალეტმეისტერია. მის დადგმებში ყველაფერი გულწრფელია _ იდეა, ქორეოგრაფია, დადგმა. თანამედროვე ცეკვა, თავისებური გამომსახველი პლასტიკით, რომელსაც საფუძვლად უდევს იმპროვიზაციული საწყისი, ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს. თანამედროვე საცეკვაო ლექსიკის არსენალი ხომ დიდია: მკვეთრი ჟესტებიდან – უბრალო ყოფით მოძრაობამდე. და თუკი ამ ენაზე “საუბრობს” ნიჭიერი პედაგოგი ბალეტმეისტერი, ცხადია ბავშვებთან მუშაობის დროსაც აისახება ეს და მას საკმაოდ საინტერესო სპექტაკლი შეიძლება გამოუვიდეს. “ჩვენს სტუდიაში მუშაობენ თავიანთი საქმით გატაცებული პედაგოგები და ბალეტმეისტერები, ისინი, ვინც ჩემს ხელში გაიარა, ვისაც ვენდობი”_ ამბობს ნინო.
“ფუეტეს” კლასიკური ცეკვის პედაგოგი გახლავთ ნინო გარაყანიძე, რომელიც ნინოს მოსწავლე იყო ჭაბუკიანის სკოლაში (ისე ერთი წელი ჭაბუკიანშიც იმუშავა), ქართულ ცეკვას ეკა ჩიხრაძე ასწავლის, ისიც ნინოს ნამოწაფარია, დამთავრებული აქვს ქართული ცეკვის ქორეოგრაფის სპეციალობა, სტუდიის ახალბედა პედაგოგები არიან გვანცა მეტრეველი და სოფო ვეშაპიძე. შარშან საბალეტო სტუდიაში მიწვეული ჰყავდათ ხელოვნების ისტორიის პედაგოგი ცირა გოგელია, თეატრალური ინსტიტუტიდან. ბავშვები დიდი ინტერესით ისმენდნენ ხელოვნების ისტორიის გაკვეთილებს, ტესტებსაც წერდნენ. ამ მოკლე კურსის ჩართვას ნინო წელსაც გეგმავს.
“ფუეტე”-ში შესანიშნავი და ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ.
რა თქმა უნდა 4 წლის ბავშვებთან მუშაობა განსაკუთრებულ მიდგომას, სწავლების მეთოდიკას და სკოლას საჭიროებს. ჰოდა, პედაგოგებმა შეიმუშავეს პატარებთან მუშაობის საკუთარი მეთოდი, რომელიც კარგ შედეგს იღებს. ყველაფერი ეს კი შერწყმულია ბავშვებისადმი დიდ სიყვარულთან. დღეს აქ მოჰყავთ შვილები და მათი რიცხვიც იზრდება. “ფუეტე”-ს ამოცანაა ბავშვებს ასწავლოს ცეკვა, და არა მხოლოდ ეს. სურს გაზარდოს საბალეტო ხელოვნების პროფესიონალი მოცეკვავეებიც და კარგი დამფასებლებიც.
კლასიკური ცეკვა ხომ საფუძველთა საფუძველია. და მხოლოდ კლასიკური ცეკვის კანონებით ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ და შევიგრძნოთ, როგორ შეიძლება აზრის გადმოცემა მოძრაობის მეშვეობით. რაც მთავარია, “ფუეტეს” პატარა არტისტები როგორ ცეკვავენ! პედაგოგების უზარმაზარი შრომა დევს მშვენიერი სანახაობის მიღმა, ასე ლაღად რომ ცეკვავენ ბავშვები. ისე მსუბუქად ასრულებენ ბალეტის რთულ მოძრაობებს, რომ არც ფიქრობ ამაზე, მხოლოდ უყურებ და უსმენ სხეულის მოძრაობებს. პატარებისთვის სპეციალურადაა შერჩეული რეპერტუარი _ კლასიკური ბალეტებიდან ფრაგმენტები: ვარიაცია “დონ კიხოტიდან” _ “ამური”; იტალიური “ტარანტელა”; შოტლანდიური “პოლკა”; “ეგვიპტური მარში”; რუსული “მატრიოშკები”; ვარიაცია ბალეტიდან “კარმენი” _ “პატარა ესპანელები”; ოსური ცეკვა “სიმდის” საბალეტო ვერსია; უკრაინული “გოპაკი” და სხვა. შესანიშნავია! ეს არაა უსიუჟეტო პლასტიკური ხელოვნება. გასაგები და ამაღელვებელი სპექტაკლებია.
რაც კი მინახავს ტელევიზიით თუ სხვადასხვა წარმოდეგენებზე ზოგიერთ საბავშვო სტუდიებში ბავშვებს რასაც ასწავლიან და პრეტენზია აქვთ თანამედროვე თუ კლასიკურ ქორეოგრაფიაზე, ვფიქრობ რეალურად ახლოსაც ვერ მივა “თეატრის” სახელწოდებასთან. პატარების რიტმული მოძრაობები უფრო გიმნასტიკურ ვარჯიშებს მაგონებს, და საუკეთესო შემთხვევაში ტექნიკურად კი ასრულებენ, თუმცა მხოლოდ ტემპითა და შესრულების სინქრონულობით თუ მოგვხიბლავს. ესეც კარგია, მაგრამ თეატრალურ წარმოდგენასთან ხომ საერთო ნაკლებად აქვს. დრამატურგიაზე რაღა ვთქვათ - ისეთი ნახატის დონეზეა, მიზანსცენებისთვის თუ გამოდგება.
ამას იმიტომ ვწერ, რომ უბრალოდ გული მწყდება, როცა ამდენი შრომა და სახსრები იხარჯება, ხომ შეიძლება ბავშვებს მართლა პროფესიონალებმა ასწავლონ და აზიარონ ხელოვნებას. არც ისაა აუცილებელი, საბავშვო ქორეოგრაფიულ სტუდიებიდან ყველა პროფესიონალი მოცეკვავე გამოვიდეს. დიდი სურვილი მაქვს რომ პატარებმა კარგად იცოდნენ კლასიკური ხელოვნების ყველა ხერხი, როგორც მოახერხებენ ფლობდნენ ტექნიკას და ისწავლონ ხელოვნების სიყვარული. ეს მათ ცხოვრებას უკეთესს გახდის და გემოვნებასაც ჩამოუყალიბებს. როდესაც საბალეტო სტუდიის პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ვსაუბრობდით, ნინომ ასეთი რამ მითხრა: “ყველზე მეტად გვჭირდება კონცერტმეისტერი და ვერ ვუხდით. ამჯერად ვართ თუმანიშვილის თეატრთან ძველი კინოსტუდიის შენობაში და დიდი სიამოვნებით გადავიდოდით სადმე უფრო მოსახერხებელ და საბალეტო სტუდიისტვის შესაფერის შენობაში. თუ გამოჩნდება ვინმე სპონსორი, დაინტერესებული საბალეტო ხელოვნებით, რომელიც ჩვენს სტუდიას თუნდაც ერთჯერადად დაეხმარება, რა თქმა უნდა იქნება საუკეთესო”.
თბილისი დიდი ქალაქია და ბევრმა მოზარდმა არ იცის რით შეიძლება დაკავდეს სკოლის შემდეგ. მშობლებს ხომ გვინდა დავიცვათ ბავშვები ქუჩის უარყოფითი ზეგავლენისგან. ამიტომ ვაზიაროთ ხელოვნებას, გავამდიდროთ და განვავითაროთ მათი შინაგანი სამყარო. ან სულაც უბრალოდ ვასწავლოთ ლამაზად მოძრაობა, ფიზიკურად გავაჯანსაღოდ. მოძრაობა ხომ ამტკიცებს სულს და სხეულს. და მერე, ყველა ბავშვს ისე უყვარს ცეკვა. ზოგს კარგად გამოსდის, ზოგს ისე რა. ჰოდა, კომპლექსებიც რომ მოვაშოროთ პატარებს, ვასწავლოთ ცეკვა – ეს ძალიან კეთილი და საჭირო საქმეა. მხოლოდ ნიჭიერი მასწავლებლის შრომამ შეიძლება გამოიღოს ასეთი შედეგი.
მადლობა მინდა ვუთხრა საბალეტო სტუდია “ფუეტეს”, რაც მეტი იქნება ასეთი ენთუზიაზმი, ასეთი სიყვარულით რომ ქმნიან სიხარულსა და სიკეთეს, მით უფრო უკეთესი და საინტერესო შეიძლება გახდეს ჩვენი შვილების ცხოვრება.
წარმატებას ვუსურვებ “ფუეტე”-ს და მის მშვენიერ ხელმძღვანელს, ნინო მახათაძეს.

საბალეტო სტუდია “ფუეტე”
მისამართი: აღმაშენებლის #164
ტელეფონი: 855 949 888
ელ. ფოსტა: ballet.fouette@yahoo.com
ბავშვები და მშობლები
ივლისი, 2009

No comments: