Babies and Parents

Showing posts with label მშობლებისთვის For Parents. Show all posts
Showing posts with label მშობლებისთვის For Parents. Show all posts

17 June 2013

კვირის გასეირნება "პომოდოროსიმოში" At Pizzeria and Steak House Pomodorissimo

     კვირა დღე ბავშვებისაა. გუშინ გადავწყვიტეთ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე "კაფე პომოდოროსიმოს" პიცა გაგვესინჯა. 
     ორი ბავშვით შევედით კაფეში. სასიამოვნო, მშვიდი გარემო დაგვხვდა. პირველი სართული ცარიელი იყო და ახლოს დავსხედით დახლთან, იმის ხათრით რომ გვეყურებინა როგორ აცხობენ პიცას შეშის ღუმელში. სანახაობამ მოგვხიბლა, განსაკუთრებით ლაშა, პიცის ცომის ჰაერში ბზრიალი, მერე პრაშუტოს, სოკოს, პომიდვრის სოუსის და ყველის მობნევა ცომზე, მერე უზარმაზარი ნიჩბით პიცის ღუმელში შეგდება. პიცას არაუშავდა. შეშის ღუმელში გამომცხვარს თავისი მუღამი აქვს. ნებისმიერი კერძი იტალიიდან ჩამოტანილი პროდუქტებით არის მომზადებულიო, თუმცა პიცას რა ყველიც ქონდა, მოცარელას ნამდვილად არ წააგავდა და არც სურნელი ჰქონდა სპეციფიურ-იტალიურ-როზმარინული. ყავა გემრიელი იყო. ბავშვებს კარტოფილი ფრიც მოეწონათ. გული დაგვწყდა რომ რავიოლები ვერ აღმოვაჩინეთ მენიუში.
     შევუკვეთეთ ანანასის წვენი, ერთი ყინულით, მეორე ყინულის გარეშე, პატარა თინასთვის. თინას ერთი-ორი კოვზი დავალევინე, მერე შემთხვევით მეც გემო გავუსინჯე და წვენი ამჟავებული აღმოჩნდა. ძალიან გავბრაზდი, რას ვიფიქრებდი, ამას. მიმტანი გოგონა ძალიან შეწუხდა და ბოდიში მომიხადა. რა უნდა მექნა, ჩხუბს და აყალმაყალს ხომ არ ავტეხდი, საყვედურით შემოვიფარგლე. თინა კი გადარჩა რომ ამ უცნაურმა წვენმა არ აწყინა. ძალიან მაინტერესებს როგორ უნდა აგიმჟავდეს ანანასის წვენი ასეთ "პრესტიჟულ" კაფეში. ან დიდი ხნის გახნილი დაგვისხეს, ან მაცივარში არ ჰქონდათ შენახული, არ ვიცი, რა. ჰო, და რაც მთავარია, ჩვენი პიცა რომ გამოცხვა, დაცვის ფორმიანმა ბიჭმა დაგვიჭრა, მიუხედავად იმისა, რომ ღუმელთან 4 კაცი მაინც იდგა. ამჟავებული წვენის საფასური არ გადაგვახდევინეს, ბევრი ბოდიში გამოგვაყოლეს და დაცვის ბიჭიც ზრდილობიანად დაგვემშვიდობა. ფოტოების გადაღება კი მინდოდა, მაგრამ ნერვებმოშლილს სურვილი გამიქრა, თუმცა ახლა კი ვნანობ, ბლოგისთვის ხომ გამომადგებოდა:)

13 June 2013

6 წლის ასაკი 6 year old

     
6 წლის ასაკი

    6 წლის ასაკი განსაკუთრებულია. ჩემი შვილი სკოლაში წასასვლელად ემზადება.  
ახლა მისი ცხოვრება მთლიანად ამ მოვლენის გარშემო ტრიალებს და ცხადია, მასზე გარკვეულ ფსიქოლოგიურ გავლენასაც ახდენს. მგონი ლაშას ცოტა აშინებს სკოლა, ხშირად მეუბნება, არ შეიძლება 10 წლის რომ შევიდე სკოლაშიო?  ვდილობ მარტო არ დავტოვო თავის ფიქრებთან. ვეუბნები, რომ მან უკვე იცის დათვლა, კითხვა, რომ ის უკვე საკმაოდ დიდია და სკოლაში არ გაუჭირდება, პირიქით,  სწავლა საინტერესო და სახალისო იქნება.
    
    6 წლის  ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ცვლილებები ხდება - იწყება სქესობრივი მომწიფება. ბიჭები ამ ასაკში აქტიურად იზრდებიან სიმაღლეში. გოგონების სქესობრივი მომწიფება რამდენამდე გვიან,  9-11 წლის ასაკში იწყება, ამიტომ 6 წლისანი ისე სწრაფად არ იცვლებიან, როგორც ბიჭები. ბიჭები საგრძნობლად იზრდებიან და ხშირად მადაც ემატებათ. ის, ვინც მანამდე ცუდად ჭამდა, ახლა სავარაუდოდ უკეთ შეჭამს და შეიძლება ძილის წინაც მოითხოვონ წახემსება.
     6 წლის ბავშვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. ორგანიზმი სავსეა ენერგიით, მას დახარჯვა სჭირდება. ვეცადოთ ბავშვმა მეტი დრო გაატაროს გარეთ, აქტიურ თამაშებში, მოძრაობაში. ეს ყოველთვის სასარგებლოა, ამ ასაკში კი განსაკუთრებით.
    მთავარი კითხვა რაც აწუხებს ამ ასაკის ბავშვის მშობელს, მზად არის თუა არა სკოლაში შესასვლელად. უნივერსალური რეცეპტი ამისთვის არ არსებობს. ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბავშვის განვითარების დონეზე.  კომუნიკაბელური ბავშვებისთვის სკოლაში ყოფნა უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე სახლში. ზოგს უკვე შეგნებულად უნდა სკოლაში სიარული, ამ შემთხვევაში გონივრული იქნება ბავშვის სკოლაში შეყვანა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბავშვმა უკვე იცის კითხვა დათვლა, წერაც, მაგრამ ფსიქოლოგიურად სკოლისთვის მზად საერთოდ არ არის. 6 და 7 წელს შორის, ფსიქოლოგიურ პლანში დიდი განსხვავებაა. ერთია ბავშვს გამოუმუშავო გარკვეული ჩვევა, მეორეა აუხსნა, რას მოითხოვენ მისგან სკოლაში. ამ ასაკში ბევრ ბავშვს აკლია სიბეჯითე, არ შეუძლია ყურადღების კონცენტრირება ერთ საგანზე 40 წუთის მანძილზეც კი. საბოლოო ჯამში თვითონ ხომ ვერაფერს ისწავლიან, სხვასაც ხელს შეუშლიან.

     თუკი სკოლის საკითხი ჩვენთვის პრინციპული არ არის, მაშინ აჯობებს ბავშვს გავუხანგრძლივოთ ბავშვობა. სკოლა ეს არ არის მხოლოდ ცხოვრების ახალი ეტაპი, ეს ასევე არის კოლოსალური დატვირთვა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. უმეტესობას უჭირს დილით ადრე ადგომა, განსაკუთრებით მათ, ვისაც საბავშვო ბაღში არ უვლიათ. ახალი გარემო და ადამიანები, უცხო დეიდა დედის მაგივრად, მეცადინეობა, - ყველაფერი ერთად ქმნის ერთ დიდ სტრესს, რომლის გადალახვაც 7 წლის ასაკში უფრო ადვილია, ვიდრე 6 წლისას. სასურველია, 6 წლის ბავშვი ფსიქოლოგთან წავიყვანოთ იმის გასარკვევად, რამდენად მზადაა სკოლისთვის,.
     უმეტესობა 6 წლის შედის სკოლაში. ანუ, ისინი საკმარისად დიდები არიან. ბავშვმა იცის ყველაფერი, ვასწავლეთ, დათვლა, კითხვა, წერა და უცხო ენაზეც ამბობს სიტყვებს - ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ცხოვრებაში მშობლის მონაწილეობის ხარისხზე. სხვათა შორის უცხო ენებს ძალიან ადვილად ითვისებენ 6 წლის ასაკში.  განვითარებული აქვთ მიმბაძველობითი თვისებები, მეხსიერებაც ძალიან მგრძნობიარეა - ყველა თვისება აქვთ რაც სჭირდება ენის შესწავლას.
     მშობლებმა არ უნდა ვიჩქაროთ სკოლაში შეყვანა, ყურადღებით დავაკვირდეთ - მართლა მზად არის თუ არა ჩვენი შვილი ფსიქოლოგიურად ასეთი კარდინალური ცვლილებებისთვის მის ცხოვრებაში. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განვითარება ინდივიდუალურად ხდება. ზოგი 6 წლის ასაკში უკვე დიდია და მზადაა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. სკოლა ხომ მხოლოდ სწავლაა არაა, ესაა ასევე მშობლების გარეშე გატარებული საათები, ეს ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას, ურთიერთობების დამყარებას დამოუკიდებლად. ზოგი ბავშვი ამ ასაკში ისეთი ინფანტილურია, რომ სკოლაზე ფიქრი ნაადრევია. ასეთ შემთხვევაში სასუველია სკოლამდელ მოსამზადებელ წრეებზე ვატაროთ.


 

11 June 2013

შთაბეჭდილება " იმერეთი- შვედეთი".

რამდენიმე ხნის წინ, საიუბილეო გამოფენაზე, ლაშამ პირველად ნახა დავით კაკაბაძის ნახატები. როგორც ეკამ მომიყვა, სანამ გალერეას შემოირბენდა და გულს იჯერებდა ღია სივრცის აქტიური ათვისებით, მერე ყურადღებით დაათვალიერა გამოფენა და რაც დაამახსოვრდა და მოეწონა ესაა -  "დედაჩემი" და "შვედეთი- შვედეთი". - "რა შვედეთი მეთქი?" - ვკითხე, " არა, მგონი, იმერეთი - შვედეთი" - 6 წლის მხატვარი ბიჭი ასეთი შთაბეჭდილებით დამიბრუნდა შინ:)


ლაშა ზალიკოს სტუდიაში. 1 ივნისი, მზიური

მზის ფესტივალი "ჩვენ ვხედავთ მზეს" ბავშვთა დაცვის დღეს ეძღვნებოდა, ტრადიციულად 1 ივნისს მზიურში ჩატარდა. სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებასთან ერთდ, ზალიკოს სტუდიის ბავშვების გამოფენა გაიმართა. ბავშვები ხატავდნენ, აკეთებდნენ აპლიკაციებს, ძერწავდნენ, შესრულებული ნამუშევრები საგამოფენო სტენდებზე წარმოგვიდგინეს. მერე კი სიგელებით დააჯილდოვეს პატარა მხატვრები.





ფოტოები: ეკა ხარბედია, თათო ხარბედია 2013

12 May 2013

ახალი ღვინის ფესტივალი 2013

11 მაისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღვინის კლუბის ინიციატივით წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა ახალი ღვინის ფესტივალი. ფესტივალზე სტუმრებმა დააგემოვნეს როგორც მსხვილი ღვინის კომპანიების, ასევე მცირე ოჯახური მარნების მიერ წარმოდგენილი ახალი ღვინოები.
ახალი ღვინის ფესტივალი


02 February 2013

ბებია და ბაბუა Grandparents


     „ბიბა“ – ასე ეძახის ჩემი შვილი თავის ბებოს, ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს, ანებივრებს და უარს არასდროს ეუბნება თამაშსა თუ სასეირნოდ წასვლაზე. 
ყველა ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხშირად ხედავდეს და ურთიერთობა ქონდეს ბებია და ბაბუასთან, ასაკოვან ნათესავთან ან უბრალოდ ნაცნობთან. გაგებით ჩვენი პაწაწინა ვერაფერს გაიგებს, მაგრამ ნამდვილად იგრძნობს: ასაკოვან ადამიანში არის რაღაც, რაც არც ერთ ახალგაზრდას არ აქვს – და ეს რაღაც ძალიან კარგია.
    საერთოდ, ასე მგონია, ადამიანი, რომელმაც ცხოვრება ღირსეულად განვლო განსაკუთრებულია. ზოგჯერ ეს აშკარად იგრძნობა – თითქმის ფიზიკურად. ასაკს თავისი ღირსება აქვს – ესაა ღირსება და შეგრძნება ბოლომდე კარგად შესრულებული საქმის, მთავარი საქმის – საკუთარი ადამიანური ცხოვრების.

     ჩემს პატარას აშკარად ვატყობ, რომ ბებია და ბაბუასთან ურთიერთობა მაინც აკლია, იმიტომ რომ მამის მხრიდან ბებია და ბაბუა აღარ ყავს, ჩემი მშობლები კი სხვა ქალაქში ცხოვრობენ და მათი ნახვა წელიწადში 3–4 ჯერ უწევს. თუმცა ვგრძნობ, რომ პატარა განსაკუთრებულ ინტერესს ავლენს სხვა ასაკოვანი ნათესავების და ახლობლების მიმართაც. მაგალითად, ძალიან უყვარს ჩვენი მეზობელი, კეთილი და თბილი კაკო ბაბუ. ერთმანეთს სალმის გარეშე გვერდს არ აუვლიან და სიცილის დროს ერთნაირად ეჭუტებათ თვალები. თან კაკო ბაბუს ყოველთვის აქვს ჯიბეში კანფეტი... მიუხედავად იმისა, რომ ლაშამ იცის, კაკო ბაბუს ის ძალიან უყვარს, არ უთამამდება და მორცხვად ართმევს ხოლმე საყვარელ ტკბილეულს.

16 July 2012

პატარა მხატვარი Young Artist


     ბავშვობაში ყველას გვიცდია ხატვა. გოგოები ალბათ პრინცესებს და ყვავილებს ვხატავდით, ბიჭები – მანქანებს და გემებს... ასე რომ, გამოცდილება გვაქვს.
მაგრამ როცა საქმე ჩვენს შვილს ეხება, უამრავი კითხვა ჩნდება: როდის და რითი დავიწყოთ ხატვა? ფლომასტერი თუ საღებავი? შპალერი თუ სახატავი რვეული? ან იქნებ სულაც ცეკვაზე ვატაროთ?!
     ერთი შეხედვით წვრილმანი პრობლემებია, არა? თუმცა, ვინ იცის, ჩვენს მიერ არასწორი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამყაროს შესაძლოა დააკლდეს პიკასო ან ფარჯიანი...
    მოკლედ, თუ გვსურს, რომ ბავშვი ორიგინალურად აზროვნებდეს, ხატოს არა შაბლონების მიხედვით, არამედ საკუთარი ფანტაზიით და მთელი ცხოვრება შეინარჩუნოს ფერწერის სიყვარული, ნამდვილად არ ღირს წვრილმანების უგულვებელყოფა.

ჯადოსნური ჯიბე Magic Pocket



     ჯიბე უბრალო რამ არ გეგონოთ – ბავშვის ტანსაცმლის აუცილებელი ატრიბუტია.

     ჩემი ვაჟი სამი წლისაა და ეზოში ისე არ წავა თუ შარვლის ჯიბეში საყვარელ სათამაშოს არ დაიგულებს, რომელიც მას აუცილებლად გაახარებს ან დაამშვიდებს მოწყენილობის მომენტში. სეირნობის დროს, ან სახლში, ცხვირსახოცს რომ გამოიყენებს, მერე აკურატულად ჩაიდებს ჯიბეში. სხვათა შორის, ასეთ დროს ხელსაყრელი შემთხვევა გვეძლევა იმისთვის, რომ ბავშვს კულტურულ–ჰიგიენურ ჩვევებზე ვესაუბროთ. მისი ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ სახლში, ეზოში, საბავშვო ბაღში ჯიბეში აუცილებლად უნდა ედოს ცხვირსახოცი.

     ჯიბეების დახმარებით შეგვიძლია მოვაწყოთ განმავითარებელი და შემეცნებითი თამაშები და გაკვეთილები.

15 July 2012

ჩვენი ხელით შექმილი საოჯახო ალბომი

scrapbooking

      ჩვენ სახლში შენახული გვაქვს ბაბუაჩემის გაკეთებული ძველი საოჯახო ალბომი, ხის ჩუქურთმებიან ყდაში ჩასმული, რომელზეც მამაჩემის ბავშვობის ფოტოა დაწებებული. ოჯახის ისტორია ძველი საბჭოთა ჟურნალებიდან ამოჭრილი ფოტოკოლაჟების, ჰერბარიუმის გაცრეცილი ფოთლების, ყვავილების და სამახსოვრო წარწერების ფონზე იშლება. განსაკუთრებით მიყვარს ფოტო წარწერით – „ზაფხული, გურია, 1967 წ.“  ბაბუა ვენახში დგას თავის დეიდაშვილთან ერთად და პერანგის ჯიბიდან იები  მოუჩანს. ის ჩემ დაბადებამდე 10 წლით ადრე გარდაიცვალა, ხომ არ მინახავს, მაგრამ მგონია, რომ ამ ფოტოთი ზუსტად ისეთს ვიცნობ როგორიც სინამდვილეში იყო.

ჩხირკედელა პატარები Little Investigators


     ჩემი შვილი ამ ბოლო დროს ტელეფონის მოწყობილობის კვლევით დაინტერესდა. სულ უტრიალებს აპარატს, ხან შნურს გამოაძრობს, შეარჭობს, ხან ყურმილს მოხსნის - აინტერესებს, როგორ ხდება, რომ იქედან ადამიანის ხმა ესმის. 3 წლის რომ გახდა, მშობლებმა დიდის ამბით სათამაშო ტელეფონი ვაჩუქეთ, რომელიც იმ დღესვე ნაწილებად დაშალა. მერე ისევ ააწყო და გახარებულმა წარმოგვიდგინა საკუთარი დიზაინის ახალი ტელეფონი (რომელიც უკვე ტელეფონზე მეტად მანქანას წააგავდა). ამასწინათ მკითხა - ვინ გამოიგონა ტელეფონიო. ჩვენც ამ გამომგონებლის ძებნა დავიწყეთ ინტერნეტში... აი, ასე, მთელი ოჯახი პატარასთან ერთად ჩავებით საგნების კვლევასა და პატარა აღმოჩენების ძიებაში. მერწმუნეთ, ეს საინტერესო და სასარგბელოა როგორც მშობლისთვის, ისე ბავშვისთვის.

07 June 2012

საიდან ჩნდებიან ბავშვები?



ამასწინათ ლაშამ მკითხა: „საიდან ჩნდებიან ბავშვები?“  
პასუხზე თავის არიდება რომ არ გამოვა, ეს ვიცი. ოდესღაც ხომ მაინც მომიწევს მასთან ამ თემაზე საუბარი. ვიცი, ყოველთვის სჯობს ბავშვს ასეთ მნიშვნელოვან თემებზე მშობელი ესაუბროს, ვიდრე სხვა.
ბავშვობაში ალბათ ყველას გვიყვებოდნენ სასაცილო ისტორიებს როგორ მოფრინდა წერო ბოხჩით ან კომბოსტოში ნაპოვნ საფენებში გახვეულ ბაიებზე. ასე მახსოვს. და სულაც არ მჯეროდა ამ ამბების. პასუხი ყოველთვის მაეჭვებდა. ვფიქრობ, აჯობებდა მშობლებს სიმართლე ეთქვათ.

14 September 2011

საბალეტო სტუდია "ფუეტე" Studio Fuette



















მინდა გაგაცნოთ ნინო მახათაძე – საბალეტო სტუდია “ფუეტე”-ს ხელმძღვანელი. სასიამოვნო ახალგაზრდა ქალი, გახსნილი მზერით, მომხიბვლელი ღიმილით. ნინო გულწრფელი კეთილგანწყობით დამთანხმდა მიამბოს თავისი სტუდიის შესახებ.

დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის ქორეოგრეაფიული სასწავლებელი. შემდეგ თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით - კლასიკური და სახასიათო ცეკვების პედაგოგ-ქორეოგრაფი. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს სახალმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა-სტაჟირების ორწლიან კურსზეც დაეუფლა სასცენო მოძრაობის ხელოვნებას. სასწავლებელში სწავლის პერიოდში ნინოს უცეკვია ვარიაციები ბალეტიდან "შოპენიანა", "დონ კიხოტიდან", "მუსიკალური მომენტი", "ხორუმი", ასევე გოგი ალექსიძის ორ დადგმასა და ბალეტში "ექიმი აიბოლიტი".

ისე მოხდა, რომ საშემსრულებლო კარიერა დაასრულა უმაღლესში ჩაბარების შემდეგ. თუმცა სწავლის პროცესში არც ერთი სტუდენტური დღეების კონცერტი არ გამოუტოვებია. “ვასრულებდით ჩვენივე დადგმულ ქორეოგრაფიულ ნომრებს - მითხრა ნინომ.
ნინოს საკმაო გამოცდილება აქვს პედაგოგიური მოღვაწეობის. თავიდან მუშაობდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, კლასიკური და სახასიათო ცეკვის პედაგოგად (1997 წლიდან ინსტიტუტის თეატრალურთან შეერთების დღემდე); ახლა აგრძელებს მუშაობას შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში; 12 წელი იმუშავა შ.პ.ს. კულტურის კოლეჯში, ასევე კლასიკური და სახასიათო ცეკვის პედაგოგად, მუშაობდა სხვადასხვა ვოკალურ-ქორეოგრაფიულ და ქართული ცეკვის ბავშვთა ანსამბლებში.
და დადგა დრო, როდესაც გაჩნდა სურვილი დაგროვილი გამოცდილება გადასცეს ახალ თაობას, განახორციელოს შემოქმედებითი გეგმები, შეაყვაროს ბავშვებს ხელოვნების, ცეკვის სამყარო.
მოკლედ, ნინომ გადაწყვიტა შეექმნა საბალეტო სტუდია “ფუეტე”: “სტუდიის გახსნა მაიძულა ალბათ საკუთარი თავის კიდევ ერთხელ გამოცდის სურვილმა. უკვე მქონდა ინსტიტუტში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება და ამანაც გამაბედინა. ვფიქრობ, განსხვავება სხვა საბალეტო სტუდიებისგან ალბათ ის გვაქვს რომ ვცდილობთ იმ საკონცერტო ნომრებში, რომლითაც არაერთი ოქროს მედალი აგვიღია ჩავრთოთ ერთდროულად სუფთა ბალეტიც და მსოფლიოს ხალხთა ცეკვებიც, მაგ: იტალიური, ეგვიპტური, ესპანური და სხვა”.

14 September 2010

სათამაშოები Toys

როგორ ვისწავლეთ სათამაშოების დალაგება

    ჩვენი სახლი სავსეა ლაშას სათამაშოებით – სატვირთო, მსუბუქი, კარებმომტვრეული მანქანები, სამი ბორბლით, სახურავახდილი თვითმფრინავები, სხვადასხვა კონსტრუქტორის ფერად-ფერადი ნაწილები, თოფები, კაცუნები, ბურთები, ბურთები, ბურთები... კიდევ დინოზავრები, პაზლები და ისევ მანქანები. აქა–იქ რბილი სათამაშოებიც ყრია. ვცდილობ ბავშვს ვასწავლო საკუთარი ნივთების დალაგება: წიგნები თაროზე, სათამაშოები - ყუთში. რა არის ამაში რთული და გაუგებარი?! მაგრამ პატარა ონავარს ვერაფრით ვიმორჩილებ, რომ თავისი ხელით დაალაგოს  სათამაშოები.
როგორც წესი, ხანგრძლივი ხვეწნა–მუდარის მერე თავად მიწევს ოთახის დალაგება.