Babies and Parents

16 July 2012

ჯადოსნური ჯიბე Magic Pocket



     ჯიბე უბრალო რამ არ გეგონოთ – ბავშვის ტანსაცმლის აუცილებელი ატრიბუტია.

     ჩემი ვაჟი სამი წლისაა და ეზოში ისე არ წავა თუ შარვლის ჯიბეში საყვარელ სათამაშოს არ დაიგულებს, რომელიც მას აუცილებლად გაახარებს ან დაამშვიდებს მოწყენილობის მომენტში. სეირნობის დროს, ან სახლში, ცხვირსახოცს რომ გამოიყენებს, მერე აკურატულად ჩაიდებს ჯიბეში. სხვათა შორის, ასეთ დროს ხელსაყრელი შემთხვევა გვეძლევა იმისთვის, რომ ბავშვს კულტურულ–ჰიგიენურ ჩვევებზე ვესაუბროთ. მისი ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ სახლში, ეზოში, საბავშვო ბაღში ჯიბეში აუცილებლად უნდა ედოს ცხვირსახოცი.

     ჯიბეების დახმარებით შეგვიძლია მოვაწყოთ განმავითარებელი და შემეცნებითი თამაშები და გაკვეთილები.


     1–2 წლის პატარას ჯიბეებში შეგვიძლია სხვადასხვა საგანი ჩავულაგოთ (გასაღები, პაწაწინა წიგნი, მინი–სათამშო და ა.შ.) და ვითამაშოთ გამოცნობა, აბა, ვის რა აქვს.  ცოტა მოზრდილი ბავშვებისთვის გამოდგება ყურადღების განმავითარებელი თამაში: სად და რომელ ტანსაცმელზეა ჯიბეები და რა საგნების ჩადება შეიძლება შიგნით? მაგალითად, პერანგის ზედა ჯიბეში მოსახერხებებლია ცხვირსახოცის ჩადება, შარვლის უკანა ჯიბეში პატარა მანქანის, ქურთუკის ჯიბეში კი ხის კაცუნა მშვენივრად მოთავსდება.

     ჯიბეებს უყვართ, როცა მათ ასუფთავებენ ნაგვისგან და უსარგებლო ნივთებისგან. სხვაგვარად ისინი გადაისვსება და გასკდება:)

     4-5 წლის ბავშვებისთვის:
     იუმორის გრძნობის, სმენითი ყურადღებისა და მეხსიერების განვითარებისთვის, შევთავაზოთ ბავშვს ყურადღებით მოისმინოს და დაიმახსოვროს, რა საგნები რა თანმიმდევრობით ჩამოვუთვალეთ. მან უნდა თქვას რამდენი საგანი ჩაეტევა ჯიბეში.  ჯიბეები რომ განმავითარებელ სათამშოდ იქცეს, შეგვიძლია პატარას ორიგინალური წინსაფარიც შევუკეროთ. წინსაფარზე მივაკეროთ 5 ჯიბე: 2 ზევით, 2 ქვევით (მარჯვენა და მარცხენა) და ერთიც შუაში. კარგი იქნება ჯიბეები სხვადასხვა ფერისა და ზომის თუ იქნება (პატარა, საშუალო და დიდი), ასევევ სხვადახვა ფაქტურის ქსოვილისგან შეკერილი (ვილვეტი, ფანელი, ბამბა, ტყავი თუ ხავერდი), იკვრებოდეს ზოგი ღილებით, ზოგიც კნოპით, ან ელვით, თასმებით. შევთავაზოთ ბავშვს დაასახელოს მათი ფერები, ზომა, ხელით შეეხოს და შეკვრაც სცადოს.

     ბავშვი წინსაფარს რომ გაიკეთებს, იოლად გაიმდიდრებს სიტყვების მარაგს ისეთი ცნებებით, როგორიცაა “შიგნით– გარეთ“, „მარჯვნივ–მარცხნივ“, „ზევით–ქვევით“, თანაც მათი მნიშვნელობების დემონსტრირებასაც შეძლებს. ვთხოვოთ პატარას, კაკალი ჩაიდოს შუა ჯიბეში, დათუნია – მარჯვენა ზედა ჯიბეში, ბურთულა კი ქვედა მარცხენა ჯიბეში და ა. შ.

    ტაქტილური შეგრძნებების გასავარჯიშებლად ყველა ჯიბე ავავსოთ სხვადასხვა რაოდენობის რაიმე პატარა საგნით. ბავშვმა ხელის შეხებით უნდა განსაზღვროს რა ნივთი, რა რაოდენობით დევს ამ თუ იმ ჯიბეში.

    ყურადღებისა და მხედველობითი მეხსიერების განვითერებისთვის შეგვიძლია ნაჭერზე მივაკეროთ რამდენიმე პაწაწინა ჯიბე. მერე ერთ-ერთში, ბავშვის თვალწინ დავმალოთ პატარა სათამაშო. შემდეგ, ვთხოვოთ ერთი წამით შებრუნდეს და მოძებნოს დამალული სათამაშო. ჯიბეების რიგით შეგვიძლია ყულაბაც გავაფორმოთ. ყოველ ჯიბეზე დავაწებოთ პატარა კვადრატი ციფრით, რომელიც იქნება შესაბამისი რაოდენობის ხურდა ფულის აღმნიშვნელი.

     თუ არ დაგვეზარება, შეიძლება კიდევ ერთი ქსოვილი ავიღოთ, ჯიბეები დავაკეროთ, რომელთა რაოდენობაც თვეში რამდენი დღეც არის, იმის შესატყვისი იქნება. ეს გამოგვადგება როგორც კალენდარი, დღესასწაულების წინ დღეების დასათვლელად. ყოველ ჯიბეში შეგვიძლია ჩავდოთ კანფეტი, შოკოლადი ან რამე პაწაწინა სათამაშო. ერთი სიტყვით, ყოველ საღამოს, თითო ჯიბის გახსნისას, ჩვენი პატარა იხალისებს ახალი საჩუქარი რომ ამოუვა, თან დროსაც დაითვლის.

    თამაშისთვის „ ხმოვანი გამოცანები“ დაგვჭირდება ორი წინსაფარი (ერთი ბავშვისთვის, მეორე კი ჩვენთვის), ძალიან დიდი ჯიბით. ამ ჯიბეში უნდა ჩაეტიოს მუსიკალური სათამაშო, ზანზალაკი, რეზინის წრიპინა სათამაშო, საყვირი, 2 ხის კოვზი, დოლი, ქსილოფონი, საბავშვო გარმონი. ერთი სიტყვით, „კონცერტის წამყვანი იქნება ბავშვი, რომელიც დადგება ფარდის უკან, რიგრიგობით ამოიღებს წინსაფრიდან სათამაშოს და ხმას გამოსცემს, თან უნდა შეგვეკითხოს: „ცნობ ჩემს ხმას? თქვი რა არის?“ სათამაშოს რომ გამოვიცნობთ, გამოვართვათ ბავშვს და ჩვენი წინსაფრის გიგანტურ ჯიბეში ჩავილაგოთ. მერე შეგვიძლია როლებიც გავცვალოთ და გამოცანაც გავართულოთ - 2 - 3 სათამაშო ერთდროულად ავაჟღეროთ.

     სკოლამდელი პატარასთვის სასარგებლოა თამაშები, რომლებიც ლოგიკურ აზროვნებას, წარმოსახვას, მეტყველებას ავითარებს.

     მაგალითად, ბავშვს ჯიბეში აქვს სურათების ნაკრები, რომელზეც გამოსახულია კვერცხი, წიწილა, მზესუმზირა, მუხლუხო, რძე, აგურები, ძაფის გორგალი, ბიჭუნა, ქოლგა და ა.შ. პატარა მორიგეობით ამოიღებს სურათებს და ამბობს, როგორ შეიძლება შეიცვალოს ყოველი საგანი. ასე, მაგალითად, მუხლუხო გადაიქცევა პეპელად, კვერცხიდან წიწილა გამოიჩეკება, ძაფის გორგალისგან ბებო ქუდს მოუქსოვს და ა. შ. ზოგჯერ არსებობს პასუხის რამდენომე ვარიანტიც: კვერცხიდან შეიძლება გამოიჩეკოს არა მატო წიწილა, არამედ პატარა ნიანგიც. ამიტომ ამაზეც გავამახვილოთ ბავშვის ყურადღება.

     ბავშვს ჯიბეში ასეთი სურათები აქვს: ფანქარი, გაზეთი, წიგნი, მარლა, ხის ნაჭერი, აგური, სარკე, შუშის ქილა, ავტომობილი. ბავშვს ამოაქვს სურათები და ცდილობს დაასახელოს ყოველი საგნის რაც შეიძლება მეტი ფუნქცია. ასე, ფანქარს იყენებენ სახატავად, საწერად და ა. შ.

     სიტყვებით „მე მინდა გაჩუქო“... შეგიძლიათ რიგრიგობით თქვენი ჯიბიდან ამოიღოთ და თან აღწეროთ საჩუქარი. რაც უფრო უჩვეულოა, მით უფრო საინტერესოა გამოცნობა ( მაგალითად, ყვავილი, ლექსი, სიმღერა, კარგი განწყობა, სიცილის წუთი და ა. შ. )

     ლექსების „ხელებით“ მოყოლა ხელს უწყობს ყურადღების, მსხვილი და წვრილი მოტორიკის, წარმოსახვის განვითარებას, ამაღლებს დამახსოვრების ეფექტურობას.

    თუ პატარას დააინტერესებს, შეგვიძლია ვუამბოთ ჯიბის შექმნის ისტორია. თავდაპირველად ჯიბეს უწოდებდნენ ტომარას, რომელიც არ იყო მიკერებული ტანსაცმელზე, ქამარზე ჰქონდათ ჩამოკიდებული.

No comments: