Babies and Parents

13 June 2009

სახალისოდ ბავშვებისთვის - გამოცანები, ლექსები და სხვა

ჩვენი შვილების ცხოვრება მრვალფეროვანი რომ გახდეს, მშობლები ვცდილობთ პატარების სწავლისა და შემეცნების პროცესი უფრო საინტერესოდ და სახალისოდ ვაქციოთ. საბედნიეროდ ქართული ენა ამის მასალას გვაძლევს. როცა ბავშვს ვასწავლით ლექსებს, გამოცანებს, ენისგასატეხებს თუ გათვლებს – ამით ხომ მის ლექსიკას ვამდიდრებთ და თანაც ჩვენი ონავარი ხალისით ითვისებს ქართული ენის გრამატიკულ თუ ხმოვან წყობას. და საერთოდ - ეს კარგი გართობაცაა.
ჩემი ვაჟი ხითხითებს როცა ვუყვები:
“ენძელა და ია, ფაიტონზე ზიან,
ჩამოვარდა ია,
კაბა დაეხია.
იმას ია ეძგერა.
იქ მოგორდა მუთაქა
და ენძელას უთაქა.
ჩაერია ბალიში
-იას მოვკლავ! გამიშვით!
იქვე გაჩნდა საბანი:
- პოლიცია სად არი?
სიტყვა მისცეს ადიელას,
ყველა შეამადლიერა”. (ხალხური)
ან კიდევ ეს:
“მუთაქა და ბალიში
მიდიოდნენ მანგლისში.
მოუბრუნდა მუთაქა,
უთაქა და უთაქა.” (ხალხური)
აბა, გამოიცანი!
ბავშვებს ძალიან მოსწონთ გამოცანები.ხალხური ზეპირსიტყვიერების ამ სახეობაში შეკუმშული, ხატოვანი ფორმით გადმოიცემა საგნების და მოვლენების ყველაზე სახასიათო ნიშნები. ის ბავშვის ლექსიკონს ამდიდრებს, ასწავლის, რომ სიტყვებს აქვს გადატანითი მნიშვნელობა და ისიც უნებურად იწყებს მის გაანალიზებას.
გამოცანას ჩვენი პატარა მიჰყავს მეტაფორული აზროვნებისკენ. ის ხომ არსებული ინფორმაციის საფუძველზე გამოცნობას გულისხმობს. დანარჩენი თავად ბავშვმა უნდა მოიფიქროს.
გამოცანები პატარას სამყაროს უფრო მხიარულ ფერებში დაანახებს. ეს ინტელექტუალური ტრენაჟორი იმითაა კიდევ მომხიბვლელი, რომ აბსოლუტურად მისაწვდომია. არაა საჭირო სპეციალური მოწყობილობები, საკმარისია კარგი მეხსიერება და ერთი ორი წიგნის წაკითხვა...
პოპულარული გამოცანა-ლექსები მოსწონთ ბავშვებს და სწორი პასუხების პროცენტიც აქ მეტია.
ბავშვობაში არ ეძებდით გამოცანის პასუხს? - “გარეთ ატლასი, შიგნით ათასი”, “ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე”... “ეკლესიას ვუარე, ვუარე, კარი ვერ ვუნახე”... ეს გამოცანები ხომ დღემდე გვახსოვს და გვიყვარს.
ჩვენს პატარებს სახალისო ლექსები და გამოცანები, ენის გასატეხები დაეხმარება მეხსიერების გავარჯიშებაში. დედები ჩვეულებრივ ვჩქარობთ პასუხებს, მკაცრი მამები კი პირიქით, “აწამებენ” ბავშვებს “იდუმალებით”. არა და, სწრაფი გამოცნობა – არაა საინტერესო და მავნეც კია. ამ სახით ბავშვს ვაკლებთ შემეცნების წყურვილს და ის ეჩვევა მზა, დაღეჭილი ინფორმაციის გამოყენებას. საბოლოო ჯამში ინტერესს კარგავს გამოცანების მიმართ საერთოდ. რთული გამოცანების ჩაფიქრებისას, თუ არ მივეშველებით მას დამხმარე კითხვებით გამოიცნოს, ასევე დათვური სამსახური გამოგვდის. ჭეშმარიტება სადღაც შუალედშია. მთავარია – ბავშვს გავაგებინოთ, რომ საგნის ყველა ნიშანი, რომელზეც მიდის საუბარი, აუცილებელი და მნიშვნელოვანია. უნდა ვიცოდეთ როგორ გამოვყოთ და შევადაროთ ისინი.
არაუშავს, თუ პატარამ ვერ ამოხსნა გამოცანა. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, 4-5 წლის ბავშვებში გამოცნობის პროცენტი, დედიკოს და მამიკოს კარნახის გარეშე, არც ისე დიდია. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს თავად პროცესს და არა შედეგს. იმიტომ რომ გამოცანის მეშვეობით ბავშვს ვეხმარებით (იქნებ საკუთარ თავსაც...) ახლებურად დავანახოთ საგანი და მოვლენა.
გამოცანები საუკეთესო საშუალებაა ე.წ. ლინგვისტური აზროვნების განვითარებისთვის. რაც მეტს თამაშობს ბავშვი სიტყვებით და ბგერებით, მით უკეთესად გამოსდის მერე წერა-კითხვა სკოლაში.
გამოცანა არა მხოლოდ გამოცდაა ცოდნის ან სწრაფი აზროვნების, არამედ ბიძგიც არასტანდარტული აზროვნების განვითარებისკენ.
“მიდი-მოდის ერთი რამე,
იქვე კი დგას დღე და ღამე”. (კარი)
“მას წიგნები აბარია,უხმარი თუ ნახმარია”. (წიგნთსაცავი)
“არის ცეცხლის მსროლელი,ერიდება ყოველი”. (თოფი)
“მაღლა ამომავალია,ხან ბურთი, ხან ნამგალია” (მთვარე)
ამ და სხვა სახალისო გამოცანებს ნახავთ ალექსანდრე საჩინოელის სახალისო ვებ. გვერდზე გამოცანები
1 წლის პატარას შეგვიძლია დავათვალიერებინოთ ცხოველების და მათი პირმშოების სურათები და ვკითხოთ რომელი რომლის შვილია. ჩემს 2 წლის ბიჭს ძალიან მოსწონს ასეთი თამაში და უკვე თითქმის ყველ შინაური ცხოველის სახელი ვისწავლეთ.
გამოცდილი დედები მიყვებიან, რომ 6-7 წლის ბავშვებს ართობთ მათემატიკური გამოცანები. არსებითად, ეს არის არითმეტიკული ან ლოგიკური პატარა ამოცანები, რომლებიც სახალისო ფორმით აღარ გამოიყურება მოსაწყენად და აკადემიურად.
ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ გამოცანების მოფიქრებისას, მნიშვნელოვანია გარკვეული წესების დაცვა.
გამოცანების “ჯადოქარმა” ჯანი როდარიმ გამოყო გამოცანების მოგონების ოთხი ძირითადი ეტაპი: განკერძოება – ასოცოაცია – მეტაფორა – ფორმა.
თავდაპირველად საგანი, მაგ. "სტაფილო", კონტექსტიდან უნდა ამოვიღოთ და აღვწეროთ როგორც “ნარინჯისფერი ბოსტნეული, რომელიც მიწაში იზრდება, თუმცა მწვანე ბოლოებს გარეთ ტოვებს.”
შემდეგ სტაფილო შევადაროთ რაიმეს ან ვინმეს – იზრდება, ზის, კიკინებით და ვუახლოვდებით მეტაფორას: “ოთახშია ციცქნა გოგო, კიკინები გარეთ “... ანუ საგანს მეტაფორული განსაზღვრება ეძლევა.
და ბოლოს, სურვილისამებრ, შეიძლება ეს ყველაფერი სასაცილო ლექსადაც ვაქციოთ:
“ფანჯარაში ციცქნა გოგოს
კიკინები უჩანს,
ნარინჯისფერ კაბას უქსოვს
საყვარელი ბებო.”
პატარა რომ გავართოთ შეგვიძლია გამოცანაში დავშიფროთ საგნის, მოვლენის, მოქმედების ყველაზე სახასიათო ნიშნები.
მაგალითად, “პაწაწინა, რუხი, კუდით, - უყვარს ყველი” – პრაქტიკულად ამომწურავი ინფორმაცი გვაქვს თაგუნაზე. ან - “მოყვითალოა, გემო აქვს ტკბილი, ისე იჭმება, არ უნდა კბილი” (ალ. საჩინოელი) – ესეც თაფლი.
ნიშნების რაოდენობა დამოკიდებული უნდა იყოს ბავშვის ასაკზე: რაც უფრო დიდია, მით ნაკლები მინიშნება უნდა მივცეთ.
ვკითხოთ პატარას: რას ჰგავს თოვლი? - ბამბას, ბურბუშელას, ბუზებს? რას აკეთებს თოვლი? - ცვივა, ტრიალებს, გუნდებად ეცემა. ხოლო როცა მიწაზე წვება, რას მოგვაგონებს? - საბანს, მთებს. როცა დნება, რა მოსდის? –წყლად იქცევა.
ბავშვი თითქოს გამოცდას აბარებს: რამდენად კარგად იცის გარემომცველი სამყაროს საგნების თვისებები და თავისებურებები. როცა თვითონ იფიქრებს გამოცანას, ამით სწავლობს ამ ცოდნით “ოპერირებას”, “საქმეში”იყენებს მათ.
და ბოლოს, ბავშვისთვის ნაცნობი უნდა იყოს თავად საგანი და მისი ნიშნები. სჯობს მივმართოთ ისეთ თვისებებს, როგორიცაა ფერი, ფორმა, ზომა, შედარებითი მახასიათებლები. საუკეთესო ხერხია – ანალოგია და შედარება.
აი, ციხესიმაგრე ჰგავს ძაღლს, იმიტომ რომ სახლს იცავს: "არ ყეფს, არ იკბინება, სახლში კი არ გვიშვებს”. ჭინჭარი – ცეცხლს - “ცეცხლი არაა, მაგრამ წვავს”.
რებუსებიც კარგი გასართობია - შეიძლება ვიპოვოთ საბავშვო ჟურნალებში, კრებულებსა და ინტერნეტშიც: რებუსები
ხალხურ გათვლებსა და ლექსებს კიდე აქვე გთავაზობთ;
წაუკითხეთ პატარებს და გაერთეთ:)
გათვლები:
"გზაზე მიდის ურემი,
მას გაუტყდა უღელი,
აბა მითხარ რამდენი
დასჭირდება ლურსმანი.”

“ნაირ-ნაირები,
ჭიქა- საინები,
ნემსები და მახათები,
მოხატული ქაღალდები,
ნარმა, მიტკალი,
რა გინდა, მითხარი.”

“მგელობანას ვთამაშობდი,
პირველ დღესა ველი,
ვინც პირველი გავა,
ის იქნება მგელი.”

“ტაშტი გატყდა
ხმა გავარდა,
მეზობლისას გადავარდა,
შენ თუ მე,
თვალი დახუჭე.”

“ანეკი, ბანეკი,
თვრამეტი, ცხრამეტი, ოცი,
ლობიო და ხორცი,
შეჭამე და მორჩი.”

“ენკი, ბენკი, სიკლისა,
ენკი, ბენკი ბა,
გა- ვი- და.”

ენის გასატეხები:
“თეთრი თხა გავათხათეთრე.”

“საყდარშია თეთრი მტრედი
ფრთა თეთრი და ფრთა ფარფატი.”

“რიონი ნარიონალში,
ნიორი ნანიორალში.”

“რას მიცინი, რას მიკრიჭი,
რას მეკრიჭისკრიმანჭულები?”

“კაპარჭინა გურიშვილი,
გური კაპარჭინაშვილი,
ჯავახია, ჯოხიშვილი,
ჯოხი ჯავახიაშვილი.”

“ალი ხე, მალი ხე, სილიხე,
სიკინჭილიხე.
ხე-ვასური, ვარვალახე,
მარიამხე, კვაწარახე.”

ქართული ხალხური პოეზია VIII ტ. (მეცნიერება, თბ., 1979)
______________
ირენ მახარაძე
2009

No comments: