Babies and Parents

24 May 2009

მალხაზ ხარბედია–ასტრიდ ლინდგრენი, "ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი" (1955)

პირადი ბიბლიოთეკა... მეც მოვყვები ცოტაოდენს ჩემი ბავშვობისას.
აქამდე ამ წიგნის მხოლოდ ძველი გამოცემა მქონდა. 1979-ში, 5-ის რომ გავხდი, ბიძაჩემმა მაჩუქა წარწერით, "მალხაზს, ზაური ბიძიასაგან". "კარლსონი და პეპი" ჩემი ბიბლიოთეკის პირველი შენაძენი იყო, კითხვაც სულ ახალი ნასწავლი მქონდა, მაგრამ თავად წიგნი შედარებით გვიან წავიკითხე, ალბათ ბიჭუნასხელა რომ ვიყავი მაშინ.
გახსოვთ, ბიჭუნას რვა წელი რომ შეუსრულდა, რას ფიქრობდა? რას და შვიდი წლის გავხდი თუ არა, მას მერე დაბადების დღეს ველოდებიო... თანაც დარდობდა, რა დიდი დროა დაბადების დღეებს შორის, თითქმის იმდენივე, რამდენიც შობიდან შობამდეო... მეც ალბათ ასე, მთელი წელი ველოდი ხოლმე დაბადების დღეს, თუმცა იმ დროში, ჩემი ორიენტირი შობა ვერ იქნებოდა, არამედ რაღაც სხვა დღესასწაულები - ვთქვათ 7 ნოემბერი, 1 მაისი, ან სულაც თბილისობა - ჩემი და ჩემი დის დაბადების დღე ხომ ლამის ყოველ წელს ემთხვეოდა ამ "დღესასწაულს", სადაც ერთი დროზე ადრე გაჭაღარავებული, პიონერის ყელსახვევშებმული ბიძაკაცი გამოჩნდებოდა ხოლმე მოჩვენებასავით და კალთაში რიგრიგობით ისვამდა ჩვენხელა ბავშვებს.
სულ მალე ეს ორიენტირი შეიცვალა და იგი წიგნმა შეცვალა, აი იმ წიგნმა, ბიძაჩემმა რომ მაჩუქა 5 წლისას. ახლა უკვე კარლსონიდან - კარლსონამდე, ანდა პეპიდან - პეპიმდე გამყავდა დრო და ეს დროითი სამანები მალე ისე დავაახლოვე ერთმანეთთან, რომ წიგნს უკვე მარტო თვალიერებითაც ვკითხულობდი, სულ რამდენიმე საათში. ე.წ. გრაფიკული მეხსიერების წყალობით, ლამის ყველა გვერდი ზეპირად მახსოვდა და ერთი თვალის შევლებითაც ვიგებდი რა ეწერა ტექსტში, ვიგებდი კი არა ვიხსენებდი.
მაგალითად, მუდამ მახსოვდა, რომ კარლსონი ლამაზი, ჭკვიანი, ზომიერად ფერხორციანი, ნამდვილად მოწიფული მამაკაცი იყო, თუმცა არ მესმოდა, რას ნიშნავდა მოწიფული მამაკაცი და ვერც ლამაზს დავარქმევდი ამ გოდორა, პროპელერიან კაცს, რომელიც სულ რაღაცას იჩემებდა. ხან მსოფლიოში საუკეთესო მეხანძრეობაზე დებდა თავს, ხან კი მსოფლიოში პირველი ცრუპენტელა ვარო, ამბობდა. ორთქლის მანქანების მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტი, მამლების საუკეთესო მხატვარიც გახლდათ, ოთახების ყველაზე სწრაფი დამლაგებელი კი, არავინ იცის, როგორ ითავსებდა მსოფლიოში საუკეთესო მეძაღლის ამპლუას (ერთხელ წამოსცდა, მფრინავი ძაღლები მყავს და შინ როცა აგვიანებენ, ყოველთვის რეკავენ და მაფრთხილებენ ხოლმეო). მსოფლიოში პირველი ოინბაზი, კარგი მშენებელიც იყო, ააგებდა კუბიკებისგან უზარმაზარ კოშკს და ზედ გუმბათივით დაადგამდა პატარა, შებრაწულ გუფთას. საერთოდაც, იგი აღმერთებდა პატარა, გემრიელ გუფთებს, მიფრინდებოდა ხოლმე გუფთიან თეფშთან, სტაცებდა ხელს შებრაწულ, კრაწუნა გუფთას და პირში გადაუძახებდა.
ეს გმირი პატარების ცნობიერებაში ჩუმი ზუზუნით შემოდის ხოლმე, შემდეგ კი ზუზუნი მატულობს და იგი ღვთაებრივ ხმაში გადაიზრდება. ყოველ შემთხვევაში, ბიჭუნასთვის ეს ხმა მართლაც ღვთაებრივად ჟღერდა და იგივე ითქმის სხვა, პატარა, მარტოსული გოგო-ბიჭების შესახებაც, ხშირად რომ ოცნებობენ ლეკვის ყოლაზე.
სხვათა შორის, ამ წიგნის მთავარი გმირი, კარლსონიც, ძალიან მარტოსული არსება გახლდათ. საღამოობით, კარის წინ ჩამოჯდებოდა ხოლმე, ყალიონს აბოლებდა და ვარსკვლავებს შესცქეროდა. სულ სევდიანობდა, როცა დღე ისე ჩაივლიდა, არავინ დაუძახებდა "კარლსონს გაუმარჯოსო!" თუმცა, ამის მიუხედავად პატარა კაცუნას თავი მაინც ამაყად და ღირსეულად უჭირავს, ნამდვილი დირექტორი გეგონება, რა საკვირველია, თუ შეიძლება ზურგზე პროპელერიანი დირექტორის წარმოდგენა.
ეს პატარა, მოტორიანი არსება გოდორსა ჰგავს, მაგრამ სიმპატიურიცაა, იგი არც წიწილებს ჩეკს და არც ცოდვებს ინანიებს, არამედ დაზუზუნებს, დაფრინავს, ოინბაზობს, ხელებს თავქვეშ ამოიდებს ხოლმე და მარჯვენა ფეხს აქეთ-იქით აქანავებს, თან ეშმაკურად უციმციმებს ცისფერი თვალები. "ერთი პატარა ფანტაზია ვარ, პატარა ფანტაზია, რომელიც წევს და ისვენებს. მოკლედ რომ ვთქვათ, გამოგონილი კაცი ვარ"- ამბობს კარლსონი, მაგრამ აბა ვინ დაიჯერებს მის ირეალურობას, მით უმეტეს, როცა იგი ჩვეულებრივ ბავშვებსაც ასეთ "პატარა ფანტაზიებს" უწოდებს. მშობლებს, რა თქმა უნდა არ სჯერათ კარლსონის არსებობა, ერთხელ ბიჭუნასაც კი შეეპარება ეჭვი და ჰკითხავს, მართლა თუ არსებობო, მაგრამ კარლსონი უპასუხებს, "ნეტა მართლა არ ვარსებობდე, მაშინ ჩემზე უკეთესი გამოგონება ქვეყანაზე არ იქნებოდაო".
სიმართლე ითქვას, კარლსონი არც აძლევს ბიჭუნას იმის გაფიქრების საშუალებას, მართლა არსებობს თუ არა... ჩაუფიქრდება ბიჭუნა კარლსონის ყოფნა-არყოფნის "საკითხს" და ისიც ეგრევე მოფრინდება ხოლმე, მაგრამ რად გინდა, წასვლის წინ ზუსტად ვერასდროს გეტყვის, როდის დაბრუნდება. ასე იბარებს, დაახლოებით სამ საათზე მოვფრინდები, ან ოთხზე, ან ხუთზეო, მაგრამ არაუადრეს ექვსისაო, თუმცა შვიდზე გვიან არ მოვალ, მაგრამ რვაზე ადრე ვერ მოვახერხებო, ცხრაზე უნდა მელოდო, დაახლოებით ათისთვისო.
წელსაც, საკვამურებს შორის ალალბედზე მოხეტიალე და ოთახებში მოზუზუნე ეს უსაქმური კაცუნა ძალზე მოულოდნელ დროს დაგვადგა თავზე, უფრო სწორად, გადაგვიფრინა და თავისი ტრილოგიის პირველი წიგნი დაგვიტოვა. მალე ალბათ მეორე და მესამე წიგნებსაც ვნახავთ და თუკი გავითვალისწინებთ, რომ "ამ ქვეყანაზე ერთად-ერთი საქველმოქმედო საქმე კარლსონზე ზრუნვაა", გამომცემლობა "დიოგენესაც" ქველმოქმედებაში ჩაეთვლება მთელი ეს საგამომცემლო გადაფრენა.

1 comment:

ნინი said...

ჩემი ბავშვობის დაუვიწყარი ნაწილი - ულამაზესი ხანა, როცა მთელი არსებით ბიჭუნას ოთახში ვიყავი და კარლსონს ველოდი... ჩემს პატარებსაც შევაყვარებ აუცილებლად :)