Babies and Parents

15 July 2012

ჩხირკედელა პატარები Little Investigators


     ჩემი შვილი ამ ბოლო დროს ტელეფონის მოწყობილობის კვლევით დაინტერესდა. სულ უტრიალებს აპარატს, ხან შნურს გამოაძრობს, შეარჭობს, ხან ყურმილს მოხსნის - აინტერესებს, როგორ ხდება, რომ იქედან ადამიანის ხმა ესმის. 3 წლის რომ გახდა, მშობლებმა დიდის ამბით სათამაშო ტელეფონი ვაჩუქეთ, რომელიც იმ დღესვე ნაწილებად დაშალა. მერე ისევ ააწყო და გახარებულმა წარმოგვიდგინა საკუთარი დიზაინის ახალი ტელეფონი (რომელიც უკვე ტელეფონზე მეტად მანქანას წააგავდა). ამასწინათ მკითხა - ვინ გამოიგონა ტელეფონიო. ჩვენც ამ გამომგონებლის ძებნა დავიწყეთ ინტერნეტში... აი, ასე, მთელი ოჯახი პატარასთან ერთად ჩავებით საგნების კვლევასა და პატარა აღმოჩენების ძიებაში. მერწმუნეთ, ეს საინტერესო და სასარგბელოა როგორც მშობლისთვის, ისე ბავშვისთვის.

   ბავშვებ ძალია უყვართ ჩხირკედელობა, განსაკუთრებით სათამაშოების დამტვრევა - გულმოდგინედ შლიან, იკვლევენ შიგ რა ყრია, როგორ ხმას გამოსცემს როცა იატაკზე დაახეთქებენ და .. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს ასეც უნდა იყოს. ჩვენ კი გული გვწყდება, შვილისთვის საგულდაგულოდ შერჩეული საჩუქარი, რომელიც ასე ახარებს მას, რამდენიმე წუთში ნაწილებად დაშლილი გვხვდება. სამაგიეროდ ბავშვი სიამაყით აღვსილი გვაჩვენებს ბორბლების გარეშე დარჩენილი მანქანის კარკასს ან ოქროსთმიან თოჯინას, რომელიც უცებ ცალხელა გახდა...
   ეს ჩხირკედელობა აუცილებელი პერიოდია პატარას განვითარებაში: მისთვის უფრო მნიშვნელოვანია სათამაშოს დაშლა-დანაწევრება, ვიდრე აწყობა. 2 წლამდე ასაკში წიგნის ან  ჟურნალის ფურცლების დახევა უფრო აინტერესებს, ვიდრე კითხვა ან სურათების თვალიერება. თვითგანათლების ამგვარი ხერხით, რაც ბავშვისთვის მისაწვდომი და მოსახერხებელია, ის სწავლობს და ეცნობა საგნებს. ჩვენ კი შეგვიძლია მისთვის გასაგებ ენაზე ავუხსნათ, რომ ასე მოქცევა არ არის კარგი, თუმცა ეს ვერ შეანელებს ბავშვის ინტერესს შეისწავლოს არა მარტო მთლიანი, არამედ ნაწილ-ნაწილ დაშლილი მისთვის საინტერესო საგანი. ერთი სიტყვით, მშობლებს ისღა დაგვრჩენია მოთმინებით შევხედოთ ამ ყველაფერს.
   2 წლის ბავშვს აუცილებლად მოუნდება რაღაცის შექმნა: კონსტრუქტორით ქალაქის აშენება, პაზლის აწყობა. თუმცა ზოგიერთ პატარას უფრო დიდხანს გაჰყვება ხოლმე ჩხირკედელობის სურვილი.
   ასე რომ, აჯობებს ჩხუბისა და საყვედურის გარეშე ავიღოთ სათამაშო, რომელიც ჩვენმა პატარამ საწოლიდან იატაკზე მოისროლა, სილაში თამაშის დროს კი სპეციალურად ავაშენოთ ქვიშისპასკები“, რომ მერე ბავშვმა დაანგრიოს.
   ჩვენ უნდა ვეცადოთ დროულად შევამჩნიოთ და განვავითაროთ ბავშვის ინტერესი ტექნიკისადმი, რომელიც არა მარტო პირველხანებში, არამედ შემდგომაც გამოვლინდება როგორც მისწრაფება რაიმე ნივთის ნაწილებად დაშლის.
   შეიძლება ჩვენი შვილი ინჟინერი და მექანიკოსი არ გამოვიდეს, მაგრამ ტექნიკასთან მოპყრობის გარკვეული ჩვევების გამომუშავება მას არ აწყენს. დღეს ხომ აუცილებელია ყველა ადამიანმა იცოდეს ტექნიკის მუშაობის პრინციპები და მოხმარების წესები.
   ჩხირკედელა ბავშვს სასურველია ვუყიდოთ ისეთი სათამაშოები, რომელიც ადვილად იშლება. სათამაშოების მაღაზიებში შეხვდებით ისეთ მანქანებსა და თოჯინებს, რომელიც ბევრი ნაწილისგან შედგება. ტექნისკისადმი ინტერესის დასაკმაყოფილებლად კონსტრუქტორია ზედგამოჭრილი. თან ათასნაირი არსებობს: მსხვილი დეტალებით, პლასტმასის ბლოკებით, მაგნიტებით და .. გოგონებისთვის იყიდება სათამაშო ავეჯის, ცხოველებისა და თოჯინების ნაკრებები, რომლებიც სტანდარტული დეტალებისგან შედგება, ბიჭებისთვის - რობოტი-ტრანსფორმერები, ჯარისკაცები, მანქანები.
ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება გავაკეთოთ ჩვენი შვილის ტექნიკური აზროვნების ელემენტების ჩამოსაყალიბებლად - გავაცნოთ საოჯახო საქმეს, სახლში ხომ იმდენი საინტერესო ნივთი გვავქს, მათ შორის არაერთი ტექნიკური სასწაული...
   4-5 წლის ბავშვს შეგვიძლია ვუყიდოთ იარაღების ნაკრები. მივცეთ ხის ნაჭრები, ლურსმნები, ავეჯის პეტლები და უკაკუნოს რამდენიც უნდა, ცხადია უფროსების თანდასწრებით.
   მამებს შეუძლიათ მშვენივრად გაატარონ დრო ბავშვებთან ერთად სახლში საქმიანობისას, ან ავტოფარეხში მანქანის შეკეთების დროს (ნუ იფიქრებთ, რომ გოგონას არ სჭირდება ასეთი რამების ცოდნა). მშობელზე უკეთ ხომ ვერავინ ასწავლის პატარას ცხოვრებისეულ წვრილმანებს... ამაზე უკეთესი კი მგონი არაფერია.
ყველა მშობელს და საკუთარ თავს ვუსურვებდი -  მეტი დრო დავუთმოთ შვილებს. ეს არის და ეს.

No comments: