Babies and Parents
04 May 2010
ვასო გულეური - ახალი ლექსები
დინოზავრი
შორი გზიდან მოდის მგზავრი –
მოაბიჯებს დინოზავრი.
გრძელი კუდით, ოთხი ფეხით
არ ჩერდება, მუდამ დადის,
განა ერთი, განა ასი –
მილიონი წელიწადი.
ზოგი არის უწყინარი,
ზოგიერთი – აბეზარი:
დიპლოდოკი, ტერაპოდი,
ნოტოზავრი, სტეგოზავრი.
ზოგი დადის ხმელეთზე და
ზოგიერთი წყალში ცურავს.
საიმედო ჯავშანი აქვს
და თავს იცავს მამაცურად.
შორი გზიდან მოდის მგზავრი,
დიდი ხვლიკი – დინოზავრი.
ჭიანჭველა
ტვირთი მიაქვს ჭიანჭველას,
არ სჭირდება სხვისი შველა.
თუმცა არის ერთი ციდა,
ზურგზე თვითონ მოიკიდა.
გამრჯეა და მუყაითი –
არ აშინებს მძიმე ტვირთი.
მასზე არის ათჯერ დიდი –
აბა, კარგად დააკვირდი!
იები
თოვლმა ვეღარ დააკავა,
გადაიცვეს მწვანე კაბა.
არ შეშინდნენ, თუმცა ცივა,
დაიკიდეს ნამი მძივად.
გვარიდებენ მორცხვად თვალებს –
რამდენია, დაითვალე!
ობობა
რა ყოფილა ეს ობობა,
მთელი ეზო შემოღობა!
განა წნელით ანდა ფიცრით,
_ რა აგიხსნათ, თქვენც ხომ იცით?
ქსელს ამზადებს იმისთანას,
ვერც ხერხი ჭრის და ვერც დანა...
ირგვლივ ისე შემოფინა,
ბუზიც ვეღარ შემოფრინდა!
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment