Babies and Parents

13 June 2013

6 წლის ასაკი 6 year old

     
6 წლის ასაკი

    6 წლის ასაკი განსაკუთრებულია. ჩემი შვილი სკოლაში წასასვლელად ემზადება.  
ახლა მისი ცხოვრება მთლიანად ამ მოვლენის გარშემო ტრიალებს და ცხადია, მასზე გარკვეულ ფსიქოლოგიურ გავლენასაც ახდენს. მგონი ლაშას ცოტა აშინებს სკოლა, ხშირად მეუბნება, არ შეიძლება 10 წლის რომ შევიდე სკოლაშიო?  ვდილობ მარტო არ დავტოვო თავის ფიქრებთან. ვეუბნები, რომ მან უკვე იცის დათვლა, კითხვა, რომ ის უკვე საკმაოდ დიდია და სკოლაში არ გაუჭირდება, პირიქით,  სწავლა საინტერესო და სახალისო იქნება.
    
    6 წლის  ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ცვლილებები ხდება - იწყება სქესობრივი მომწიფება. ბიჭები ამ ასაკში აქტიურად იზრდებიან სიმაღლეში. გოგონების სქესობრივი მომწიფება რამდენამდე გვიან,  9-11 წლის ასაკში იწყება, ამიტომ 6 წლისანი ისე სწრაფად არ იცვლებიან, როგორც ბიჭები. ბიჭები საგრძნობლად იზრდებიან და ხშირად მადაც ემატებათ. ის, ვინც მანამდე ცუდად ჭამდა, ახლა სავარაუდოდ უკეთ შეჭამს და შეიძლება ძილის წინაც მოითხოვონ წახემსება.
     6 წლის ბავშვისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა. ორგანიზმი სავსეა ენერგიით, მას დახარჯვა სჭირდება. ვეცადოთ ბავშვმა მეტი დრო გაატაროს გარეთ, აქტიურ თამაშებში, მოძრაობაში. ეს ყოველთვის სასარგებლოა, ამ ასაკში კი განსაკუთრებით.
    მთავარი კითხვა რაც აწუხებს ამ ასაკის ბავშვის მშობელს, მზად არის თუა არა სკოლაში შესასვლელად. უნივერსალური რეცეპტი ამისთვის არ არსებობს. ყველაფერი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბავშვის განვითარების დონეზე.  კომუნიკაბელური ბავშვებისთვის სკოლაში ყოფნა უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე სახლში. ზოგს უკვე შეგნებულად უნდა სკოლაში სიარული, ამ შემთხვევაში გონივრული იქნება ბავშვის სკოლაში შეყვანა. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ბავშვმა უკვე იცის კითხვა დათვლა, წერაც, მაგრამ ფსიქოლოგიურად სკოლისთვის მზად საერთოდ არ არის. 6 და 7 წელს შორის, ფსიქოლოგიურ პლანში დიდი განსხვავებაა. ერთია ბავშვს გამოუმუშავო გარკვეული ჩვევა, მეორეა აუხსნა, რას მოითხოვენ მისგან სკოლაში. ამ ასაკში ბევრ ბავშვს აკლია სიბეჯითე, არ შეუძლია ყურადღების კონცენტრირება ერთ საგანზე 40 წუთის მანძილზეც კი. საბოლოო ჯამში თვითონ ხომ ვერაფერს ისწავლიან, სხვასაც ხელს შეუშლიან.

     თუკი სკოლის საკითხი ჩვენთვის პრინციპული არ არის, მაშინ აჯობებს ბავშვს გავუხანგრძლივოთ ბავშვობა. სკოლა ეს არ არის მხოლოდ ცხოვრების ახალი ეტაპი, ეს ასევე არის კოლოსალური დატვირთვა, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური. უმეტესობას უჭირს დილით ადრე ადგომა, განსაკუთრებით მათ, ვისაც საბავშვო ბაღში არ უვლიათ. ახალი გარემო და ადამიანები, უცხო დეიდა დედის მაგივრად, მეცადინეობა, - ყველაფერი ერთად ქმნის ერთ დიდ სტრესს, რომლის გადალახვაც 7 წლის ასაკში უფრო ადვილია, ვიდრე 6 წლისას. სასურველია, 6 წლის ბავშვი ფსიქოლოგთან წავიყვანოთ იმის გასარკვევად, რამდენად მზადაა სკოლისთვის,.
     უმეტესობა 6 წლის შედის სკოლაში. ანუ, ისინი საკმარისად დიდები არიან. ბავშვმა იცის ყველაფერი, ვასწავლეთ, დათვლა, კითხვა, წერა და უცხო ენაზეც ამბობს სიტყვებს - ყველაფერი დამოკიდებულია ბავშვის ცხოვრებაში მშობლის მონაწილეობის ხარისხზე. სხვათა შორის უცხო ენებს ძალიან ადვილად ითვისებენ 6 წლის ასაკში.  განვითარებული აქვთ მიმბაძველობითი თვისებები, მეხსიერებაც ძალიან მგრძნობიარეა - ყველა თვისება აქვთ რაც სჭირდება ენის შესწავლას.
     მშობლებმა არ უნდა ვიჩქაროთ სკოლაში შეყვანა, ყურადღებით დავაკვირდეთ - მართლა მზად არის თუ არა ჩვენი შვილი ფსიქოლოგიურად ასეთი კარდინალური ცვლილებებისთვის მის ცხოვრებაში. ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განვითარება ინდივიდუალურად ხდება. ზოგი 6 წლის ასაკში უკვე დიდია და მზადაა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. სკოლა ხომ მხოლოდ სწავლაა არაა, ესაა ასევე მშობლების გარეშე გატარებული საათები, ეს ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას, ურთიერთობების დამყარებას დამოუკიდებლად. ზოგი ბავშვი ამ ასაკში ისეთი ინფანტილურია, რომ სკოლაზე ფიქრი ნაადრევია. ასეთ შემთხვევაში სასუველია სკოლამდელ მოსამზადებელ წრეებზე ვატაროთ.


 

No comments: