Babies and Parents

17 June 2013

კვირის გასეირნება "პომოდოროსიმოში" At Pizzeria and Steak House Pomodorissimo

     კვირა დღე ბავშვებისაა. გუშინ გადავწყვიტეთ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე "კაფე პომოდოროსიმოს" პიცა გაგვესინჯა. 
     ორი ბავშვით შევედით კაფეში. სასიამოვნო, მშვიდი გარემო დაგვხვდა. პირველი სართული ცარიელი იყო და ახლოს დავსხედით დახლთან, იმის ხათრით რომ გვეყურებინა როგორ აცხობენ პიცას შეშის ღუმელში. სანახაობამ მოგვხიბლა, განსაკუთრებით ლაშა, პიცის ცომის ჰაერში ბზრიალი, მერე პრაშუტოს, სოკოს, პომიდვრის სოუსის და ყველის მობნევა ცომზე, მერე უზარმაზარი ნიჩბით პიცის ღუმელში შეგდება. პიცას არაუშავდა. შეშის ღუმელში გამომცხვარს თავისი მუღამი აქვს. ნებისმიერი კერძი იტალიიდან ჩამოტანილი პროდუქტებით არის მომზადებულიო, თუმცა პიცას რა ყველიც ქონდა, მოცარელას ნამდვილად არ წააგავდა და არც სურნელი ჰქონდა სპეციფიურ-იტალიურ-როზმარინული. ყავა გემრიელი იყო. ბავშვებს კარტოფილი ფრიც მოეწონათ. გული დაგვწყდა რომ რავიოლები ვერ აღმოვაჩინეთ მენიუში.
     შევუკვეთეთ ანანასის წვენი, ერთი ყინულით, მეორე ყინულის გარეშე, პატარა თინასთვის. თინას ერთი-ორი კოვზი დავალევინე, მერე შემთხვევით მეც გემო გავუსინჯე და წვენი ამჟავებული აღმოჩნდა. ძალიან გავბრაზდი, რას ვიფიქრებდი, ამას. მიმტანი გოგონა ძალიან შეწუხდა და ბოდიში მომიხადა. რა უნდა მექნა, ჩხუბს და აყალმაყალს ხომ არ ავტეხდი, საყვედურით შემოვიფარგლე. თინა კი გადარჩა რომ ამ უცნაურმა წვენმა არ აწყინა. ძალიან მაინტერესებს როგორ უნდა აგიმჟავდეს ანანასის წვენი ასეთ "პრესტიჟულ" კაფეში. ან დიდი ხნის გახნილი დაგვისხეს, ან მაცივარში არ ჰქონდათ შენახული, არ ვიცი, რა. ჰო, და რაც მთავარია, ჩვენი პიცა რომ გამოცხვა, დაცვის ფორმიანმა ბიჭმა დაგვიჭრა, მიუხედავად იმისა, რომ ღუმელთან 4 კაცი მაინც იდგა. ამჟავებული წვენის საფასური არ გადაგვახდევინეს, ბევრი ბოდიში გამოგვაყოლეს და დაცვის ბიჭიც ზრდილობიანად დაგვემშვიდობა. ფოტოების გადაღება კი მინდოდა, მაგრამ ნერვებმოშლილს სურვილი გამიქრა, თუმცა ახლა კი ვნანობ, ბლოგისთვის ხომ გამომადგებოდა:)

No comments: