Babies and Parents

06 May 2009

ცაცია Left Hander

    ცაცია “საოცრებათა ქვეყანაში”
   მემარცხენე ბავშვის თვალით სამყაროს დანახვა რომ შევძლოთ, ალბათ სჯობს ლუის კეროლის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” გადავიკითხოთ. იქ ხომ კარგად არის ასახული პატარა ცაციას სივრცული წარმოდგენების თავისებურებები.
     როგორც ვიცი, ახლა მემარცხენე პატარებს აღარ აძალებენ გინდა თუ არა მარჯვენა ხელით აიღოს კოვზი, კბილის ჯაგრისი, ან კალამი. ძალიან მაინტერესებს რამდენად მართებულია ასეთი მიდგომა, იმიტომ რომ   ვფიქრობ, ჩემი პატარაც ცაციაა _ ჩვილის ასაკიდან უკვე მემარცხენეს ნიშნებს ავლენდა _ სათამაშოს ყოველთვის მარცხენა ხელით იღებდა, საწოვარასაც მარცხენათი ეტანებოდა და ახლა, როცა უკვე 2 წლისაა, ბურთს მარცხენა ფეხს ურტყამს. ჩემი ინტერესის დასაკმაყოფილებლად მოვიძიე ამ თემასთან დაკავშირებული ინფორმაცია და თეორიული მსჯელობების გარდა, ცაცია ბავშვთან სწორად მოქცევის საკმაოდ საინტერესო რამეებიც აღმოვაჩინე.
  
  ბავშვი იბადება თავის ტვინის ორი მარჯვენა ნახევარსფეროთი. თანდათანობით, პატარას პიროვნების განვითარების მიხედვით ამ ორიდან ერთერთი იწყებს “გამარცხენებას”. ამიტომაც, ზრდასრული ადამიანის ტვინი შედგება ურთიერთშემავსებელი მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროებისგან. მათში თავმოყრილია სრულიად განსხვავებული ადამიანის სასიცოცხლო ცენტრები.
თურმე მეტყველებას, აბსტრაქტულ აზროვნებას და მამოძრავებელ სფეროს უზრუნველყოფს ტვინის მარცხენა ნახევარსფერო, ხოლო მუსიკალურ, მხატვრულ შემოქმედებას და ხატოვან აზრონებას _ მარჯვენა. ადამიანის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს განაპირობებს რომელიმე ნახევარსფეროს ოდნავი დომინირებაც კი. როცა პატარა ენას იდგამს და პირველად აცნობიერებს საკუთარ თავს, სწორედ მაშინ ჩნდება პირველი მონაცემები ერთ-ერთი ნახევარსფეროს “გამარცხენების”.

     მემარცხენეებს ჩვეულებრივ ასე ახასიათებენ: არიან მეოცნებენი, აქვთ მუსიკალური სმენა და კარგი მეხსიერება, მგრძნობიარე და ორიგინალურებიც არიან და ხატოვნად აზროვნებენ. ასე იმიტომ ხდება, რომ ცაციებს ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო უფრო მეტად აქვთ განვითარებული, ვიდრე მარცხენა. სწორედ მარჯვენა ნახევარსფეროა ამ თვისებების მასაზრდოებელი. მემარჯვენეების მარცხენა ნახევარსფერო კი მათემატიკურ მონაცემებს, ლოგიკურ აზროვნებასა და წერა-კითხვის ტექნიკას ამუშავებს.
     ცაციები ხშირად გამოირჩევიან მდიდარი შემოქმედებითი ნიჭით.
მემარცხენეები ყოფილან მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი, ცნობილი ფიზიკოსი მაქსველი (კარგი ფიზიკოსები კი, მოგეხსენებათ, შემოქმედებითად აზროვნებენ), ჩარლი ჩაპლინი და მერლინ მონრო.
     ცაცია ბავშვები რომ განსაკუთრებული თემაა – გასაგებია. ერთი კი მაინტერესებს ქართულ საბავშვო ბაღებსა და სკოლებში რამდენად ექცევა დღეს ყურადღება მათთან მუშაობის მეთოდებს. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება და უპირველესი მათ შორის: უნდა გადავაჩვიოთ თუ არა მემარცხენე პატარა, ვთქვათ, მარცხენა ხელით წერას?თუკი ადამიანი მარცხენა ხელით წერს, აუცილებელი არაა ის მემარცხენედ მივიჩნიოთ. ნამდვილი ცაცია არის ის, ვისთვისაც წამყვან როლს ასრულებს არა მარტო მარცხენა ხელი, არამედ მარცხენა ყური, მარცხენა თვალი. ამის განსაზღვრა მარტივია. თუმცა ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ: დასკვნების გამოტანა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვი გახდება 5 წლის და არა მანამდე. სულაც არ არის საჭირო დროზე ადრე ვასწავლოთ ბავშვს წერა-კითხვა, მათემატიკა, უცხო ენა, ჭადრაკის თამაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს განვითარების ნაადრევი და არაკანონზომიერი სტიმულაცია მარჯვენის საზიანოდ, რომელიცაა ხატოვანი და შემოქმედებითი. როგორც ფიქრობენ, 6 წლამდე ბავშვებში უნდა დომინირებდეს სწორედ ხატოვანი აზროვნება. 4 წლის ასაკში ყალიბდება მკაფიო უპირატესობა ერთერთი ხელის, ხოლო 5 წლისას დგინდება საბოლოო დომინირება მარჯვენა ან მარცხენა ხელის.
     დააკვირდით ბავშვს რომელი ხელით ხატავს, უჭირავს კბილის ჯაგრისი ან კოვზი, კუბიკებით თამაშისას რომელ ხელს იმარჯვებს კოშკის ასაშენებლად. ამ აქტიურ მოქმედებებს ასრულებს წამყვანი ხელი. 5 წლამდე პატარები ერთნაირი წარმატებით ხმარობენ ორივე ხელს. ბავშვის “შემოწმება” თამაშ-თამაშით შეგვიძლია.
მაშ, ასე: წამყვანი თვალის განსასაზღვრად დავახვიოთ ქაღალდის ფურცელი მილისებურად, ვითომ ჭოგრიტით გვინდა ცას გავხედოთ. პატარაც ჩაებმება თამაშში და რომელ თვალთანაც მიიტანს “ჭოგრიტს”, ის თვალია “მთავარი”.
ერთიც კიდევ – შეგვიძლია მაგიდაზე დავდოთ საათი და პატარას ვთხოვოთ ყური დაუგდოს საათის წიკწიკს. რომელი ყურითაც დაიხრება მაგიდისკენ, ის ყურია “წამყვანი”. ხელის განსაზღვრა ხომ უფრო მარტივია: დავაკვირდეთ ბავშვი რომელი ხელით ხატავს, იღებს კოვზს, ისვრის ბურთს. ჩემი ვაჟი ფეხბურთს რომ მარცენა ფეხით თამაშობს _ ამ ფაქტმა მეზობლების განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია და რატომღაც ყველამ ძალიან გაიკვირვა ეს ამბავი....
     მემარცხენე ბავშვები ხშირად დაუდევრები არიან ხატვისას, ძერწვისას და ა.შ. მშობლები მოთმინებით უნდა შევხვდეთ ამ ამბავს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პატარა ხატოვნად აზროვნებს, ის შემოქმედებითი ადამიანია. შემოქმედი ადამიანები კი ხშირად შინაარსს ანიჭებენ მეტ მნიშვნელობას, ვიდრე ფორმას.
     ბევრი ცაცია კარგად თამაშობს ტენისს და შესანიშნავი მოჭადრაკეებიც არიან. პაწაწინა ცაციები სიამოვნებით სწავლობენ საკუთარი ხელით ჭამას. თუ კი “მემარჯვენე” ბავშვებს უჭირთ მიეჩვიონ ჩანგლის მარცხენა ხელში დაჭერას, ცაციებს ამის პრობლემა არ აქვთ. ხშირად ბავშვი მემარცხენე ხდება სამშობიარო ტრავმის შემდეგ. თუკი დაბადებისას თავის ტვინის მარცხენა ნახევარსფერო დაზიანდა, მაშინ მისი ფუნქციების ნაწილს იღებს მარჯვენა და ბავშვი “იძულებით მემარცხენე” ხდება. თუმცა, ფსიქოლოგების აზრით, 2-5 წლის ასაკში ტვინის ტრავმამ არ შეიძლება მძიმე შედეგი გამოიღოს, რადგან ბავშვის ტვინი მაღალი პლასტიურობით ხასიათდება და დაზიანების შემთხვევაში განვითარების შემოვლითი გზების პოვნაც შეუძლია. ზოგჯერ პატარას ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს იმდენად წარმატებით გამოსდის დეფექტის კომპენსირება, რომ მარცხენა ნახევარსფეროს დაზიანება, რაც უფროსებში მეტყველების დარღვევას იწვევს, ბავშვის ლაპარაკის უნარზე თითქმის არ აისახება.
     თუ ერთერთი მშობელი ან ახლო ნათესავი მემარცხენეა, ცხადია, დიდი შანსია პატარა ცაციას დაბადების. ასეთ დროს, ბუნებრივია, არ ღირს ბავშვს დავუშალოთ მემარცხენეობა. მის ტვინს უკვე აქვს მუშაობის ჩამოყალიბებული სტილი. დაშლამ და ძალდატანებამ, თან თუ გავითვალისწინებთ ბავშვების ინსტიქტურ წინააღმდეგობას ყოველივე ამის მიმართ, შესაძლოა დაანგრიოს უკვე ჩამოყალიბებული მექანიზმები და გამოიწვიოს ენაბლუობა, წერა-კითხვის დეფექტი ან სულაც ემოციური აშლილობა - ნევროზამდეც კი. უპრობლემოდ დაბადებული ბავშვისთვის 1-1.5 წლამდე სულერთია რომელი ხელით იღებს საგანს. ამიტომ თუკი მშობლები შეგნებულად აწვდიან მას მარჯვენა ხელში კოვზს ან სათამაშოს, პატარა წარმატებით გადაიქცევა მემარჯვენედ. თუ დიდ ყურადღებას არ მივაქცევთ რომელ ხელს უფრო მარჯვედ ხმარობს ბავშვი, ის შეიძლება გახდეს ან დარჩეს ცაცია.
     ცაციას ტვინის მუშაობის სპეციფიკა აისახება მის ფსიქოლოგიურ თავისებურებებზეც. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ასეთი პატარები უფრო ემოციურები არიან. მათ აქვთ მკვეთრად გამოხატული ინტერესები და მიდრეკილებები, ჰობი. ცოტა გვიან უვითარდებათ გამართული მეტყველება. ფსიქოლოგები და მასწავლებლები თვლიან, რომ ცაცია ბავშვებს მკაფიო წარმოდგენა არ აქვთ მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე. მათ წარმოდგენაში ასოების და ციფრების დაწერა ან წაკითხვა შესაძლებელია სარკისებურად, ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. (ლეონარდო და ვინჩი თურმე მარჯვნიდან მარცხნივ წერდა, ისე რომ მისი ჩანაწერების წაკითვა მხოლოდ სარკესთან შეიძლებოდა). შესაბამისად ცოტა სირთულეები აქვთ სწავლის პროცესში. განსაკუთრებით უჭირთ ზეპირად თვლა. სპეციალისტთა დაკვირვებით, ცაციებს ცოტა უჭირთ საათის ისრის მიმართულების დამახსოვრება, ციფერბლატის მიხედვით დროის განსაზღვრა, “მარჯვნივ”, “მარცხნივ”, “ზევით”, “ქვევით” ცნებების ათვისება.
     თუმცა პატარა ცაცია ხედავს თავის შეცდომებს და ბეჯითად ცდილობს მოერგოს “მარჯვენა მხარეს”. ეს მისგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ის, რაც “ჩვეულებრივ” ბავშვს ბუნებრივად უყალიბდება, ცაციამ შემოვლითი გზით უნდა აითვისოს. ბუნებამ კი ეს პატარები თითქოს განგებ დააჯილდოვა დიდი ფანტაზიით და კოლოსალური თვითკონტროლით. უფროსებს კი შეუძლიათ დაეხმარონ პატარებს სირთულეების დაძლევაში ბავშვთა ნეიროფსიქოლოგების მიერ შემუშავებული სპეციალური ვარჯიშების და თამაშების კომპლექსის მეშვეობით. ეს თამაშ-ვარჯიშები მიმართულია ხელ-ფეხის ერთობლივი მუშაობის ათვისებისკენ, დროსა და სივრცეში მოქმედების განვითარებისკენ და მარჯვენა და მარცხენა მხარეების ორიენტაციაში გარკვევისკენ .
     პირველ რიგში პატარას ესაჭიროება კარგად ორგანიზებული ჯანსაღი დღის რეჟიმი: სუფთა ჰაერზე გასეირნება, რეგულარული და სრულფასოვანი კვება, ნორმალური ძილის განრიგი. აუცილებებლია აქტიური მოძრაობა, ეზოში თამაში, რათა დაგროვილი ენერგია მოძრაობაში დახარჯონ. მნიშვნელოვანია ბურთით თამაში, ასწავლეთ ველოსიპედის ტარება, ზამთარში თხილამურებით და ციგურებით სრიალი და რაც მთავარია, მოძრაობის კოორდინაციის განვითრებისთვის ძალიან სასარგებლოა ცურვა.
ძველად სკოლებში ცაციებს უშლიდნენ მარცენა ხელით წერას. დღეს კი ფიზიოლოგები, ფსიქოლოგები და პედაგოგები ერთხმად აღიარებენ: ამის გაკეთება არ შეიძლება!
საერთოდ, როგორც სტატისტიკა ამტკიცებს, ცაციებს შორის გაცილებით მეტია ნიჭიერი ხალხი, ვიდრე მემარჯვენეებს შორის. რა თქმა უნდა, ნიჭის დათვლა და გაზომვა შეუძლებებლია, მაგრამ მაინც, ფსიქოლოგები საუბრობენ საკმაოდ რეალურ ციფრებზე.

P.S. 13 მარტი ცაციების საერთაშორისო დღე ყოფილა.
მსოფლიოში ყველაზე დიდი ცაციებს ორგანიზაცია “Left-Handers International” 50 ათასზე მეტ ადამიანს ითვლის.
ირენ მახარაძე, 2009

No comments: