Babies and Parents

11 June 2013

შთაბეჭდილება " იმერეთი- შვედეთი".

რამდენიმე ხნის წინ, საიუბილეო გამოფენაზე, ლაშამ პირველად ნახა დავით კაკაბაძის ნახატები. როგორც ეკამ მომიყვა, სანამ გალერეას შემოირბენდა და გულს იჯერებდა ღია სივრცის აქტიური ათვისებით, მერე ყურადღებით დაათვალიერა გამოფენა და რაც დაამახსოვრდა და მოეწონა ესაა -  "დედაჩემი" და "შვედეთი- შვედეთი". - "რა შვედეთი მეთქი?" - ვკითხე, " არა, მგონი, იმერეთი - შვედეთი" - 6 წლის მხატვარი ბიჭი ასეთი შთაბეჭდილებით დამიბრუნდა შინ:)


ლაშა ზალიკოს სტუდიაში. 1 ივნისი, მზიური

მზის ფესტივალი "ჩვენ ვხედავთ მზეს" ბავშვთა დაცვის დღეს ეძღვნებოდა, ტრადიციულად 1 ივნისს მზიურში ჩატარდა. სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებასთან ერთდ, ზალიკოს სტუდიის ბავშვების გამოფენა გაიმართა. ბავშვები ხატავდნენ, აკეთებდნენ აპლიკაციებს, ძერწავდნენ, შესრულებული ნამუშევრები საგამოფენო სტენდებზე წარმოგვიდგინეს. მერე კი სიგელებით დააჯილდოვეს პატარა მხატვრები.





ფოტოები: ეკა ხარბედია, თათო ხარბედია 2013

10 June 2013

შოკოლადის შუ

პირველად გამოვაცხვე შოკოლადის შუ. რეცეპტი: ტრადიციული შუ + კაკაო.
გემრიელია:)

30 May 2013

ფუფი ნუფის თმის სამაგრები ბავშვებისთვის

ტკბილეული პატარებისთვის Sweets For Kids

ტკბილეული პატარებისთვის  - გამომცემლობა პალიტრა L,  2010
     ეს წიგნიც წიგნის ფესტივალზე შევიძინე. დიდი ხანია ვაპირებდი ყიდვას, მაგრამ ვერ მოვახერხე. ფესტივალზეც ვიყოყმანე, მართალია, ნახევარ ფასად იყიდებოდა ( 8 ლარი ღირდა), თან "პალიტრას" კონსულტანტმა გოგონამ არაფრის დიდებით არ გახსნა ცელოფანში შეფუთული წიგნი, რომ თვალი გადამევლო რეცეპტებისთვის. მაინც ვიყიდე. იმიტომ რომ ავტორი დომინიკ სესიონი ცნობილი ფრანგი რესტორატორი, სანდოდ მომეჩვენა. არც შევმცდარვარ. ნამდვილად ღირდა ამ წიგნის ყიდვა:) ჩემი შვილიც გავახარე ამ სახალისო რეცეპტებით.

ქართული ანბანი Georgian Alphabet




ავტორი: მარიამ წიკლაური
ილუსტრაციები: ნანა მელქაძე
ფასი 19.90 ლარი

 
     ამ ტიპის წიგნს დიდხანს ველოდი, ვგულისხმობ იმას, რომ გამოცემის ხარისხი - ფუფმფულა და საყვარელი, ფერადი და პრიალა, ძალიან სწორად და გემოვნებითაა შეხამებული წიგნის შინაარსთან და დანიშნულებასთან.
     წიგნი ერთდროულად არის ქართული ანბანი, ილუსტრირებული ლექსიკონი და ანბანის მიხედვით კოხტად დალაგებული მარიამ წიკლაურის სახლისო ლექსების კრებული. მართლა საუკეთესო ლექსებია. ბავშვი ამ წიგნით ისწავლის ანბანს, ნახატების დახმარებით შეეცდება ლექსიკონის გვერდებიდან სიტყვების ამოცნობას, წაიკითხავს მხიარულ ლექსებს ცხოველებზე, ფრინველებზე, მისთვის ნაცნობ საგნებზე, პატარებზე.
     ნანა მელქაძის ნახატები ჩემთვის აღმოჩენა იყო. როგორც ვნახე, თურმე არა ერთი შესანიშნავი ილუსტრაციის ავტორი ყოფილა. ძალიან მომწონს მისი ხატვის მანერა, მისი თანამედროვე,  საყვარელი  და ლაღი პერსონაჟები, ნათელი ფერები და ბავშვებისთვის აბსოლუტურად გასაგები მხატვრული ენა. ვისურვებდი, საბავშვო გამოცემებში ყოველთვის ასეთ გემოვნებიან ილუსტრატორებს ანდონ საბავშვო წიგნების გაფორმება.


გემრიელი ტორტები Delicious Cakes

გემრიელი ტორტები - ახალი წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან
წელს წიგნის ფესტივალზე ბევრი საინტერესო წიგნი შევიძინე, ჩემთვის და ბავშვებისთვის, ძალიან გამეხარდა რომ ფასდაკლებებიც კარგი იყო. 
გემრიელ ტორტებს გულგრილად ვერ ჩავუარე და ვიყიდე. ბევრი საინტერესო რეცეპტია, კარგი ილუსტრაციებით.   განსაკუთრებით კრემების ვარიაციები მაინტერესებდა და აუცილებლად დავტესტავ ყველას.:)


ამ წიგნში თავმოყრილია ევროპელი კულინარების მიერ შედგენილი და საქართველოში აპრობირებული 90 ახალი და კლასიკური რეცეპტი.

► ნაღებიანი, კრემიანი, ხილის, შოკოლადიანი და ალკოჰოლიანი ტორტების დიდი მრავალფეროვნება.
► მარტივი, გასაგები ენით დაწერილი მითითებები, ზუსტი ინსტრუქციები და ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც საქართველოშიც იყიდება.
► სასარგებლო, პრაქტიკული რჩევები, როგორც გამოცდილი მცხობელებისთვის, ისე ახალბედა დიასახლისებისთვის.
გამოცემის თარიღი  2013
ფასი: 21.9 ლარი (წიგნის ფესტივალზე ღირდა 15.70 ლარი)

12 May 2013

ახალი ღვინის ფესტივალი 2013

11 მაისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ღვინის კლუბის ინიციატივით წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა ახალი ღვინის ფესტივალი. ფესტივალზე სტუმრებმა დააგემოვნეს როგორც მსხვილი ღვინის კომპანიების, ასევე მცირე ოჯახური მარნების მიერ წარმოდგენილი ახალი ღვინოები.
ახალი ღვინის ფესტივალი


28 April 2013

ატმის ღვეზელი Peach Pie


ატმის  ღვეზელი
საჭირო ინგრედიენტები:
  • 200გრ კარაქი
  • 200გრ ხაჭო
  • 400გრ მაწონი
  • 3ც კვერცხი
  • 3ჭ შაქარი
  • 4ჭ ფქვილი
  • ვანილი, სოდა ძმრით
  • 4ც ატამი (მოზრდილი)


     ოდნავ შემთბარი კარაქი დავჭრათ კუბიკებად ჯამში, დავუმატოთ შაქარი,  ფქვილი, და ვანილი და ხელით ავურიოთ, ისე, რომ ფხვიერი მასა მივიღოთ. მაწონში გავხსნათ ცოტაოდენი სოდა ძმრით და რომ ამოფუვდება ჩავასხათ ჯამში მომზადებულ მასაში. შემდეგ ვამატებთ ხაჭოს და 1ც გახეხილ ატამს, კვერცხს და კარგად ავურევთ. ცომის მასა არ უნდა იყოს სქელი. 15-20 წუთით ცომს ვდებთ მაცივარში.
მანამდე კი 3 ც მოზრდილ ატამს კანს გავაცლით და მსხვილ ნაჭრებად დავჭრით (ან კუბიკებად).
     ცომს გამოვიღებთ მაცივრიდან, დავასხამთ ცხიმწასმულ ტაფაზე და ხელით ნელნელა გავაბრტყელებთ. შემდეგ ზემოდან მოვაწყობთ ატმებს თანაბრად, ისე, რომ ოდნავ ჩავარჭოთ ცომის მასაში. ცხობას დაახლოებით 50 წთ დასჭირდება, საშუალო ცეცხლზე.
ამ რეცეპტში ატმის ნაცვლად ალუბლებს თუ ჩააწყობთ, ესეც ძალიან გემრიელი გამოდის. გემრიელად მიირთვით!