Babies and Parents

18 May 2009

სლინგი Sling

   ჩვენში სლინგი ნაკლებად იციან. ინტერნეტიდან თუ სხვადასხვა უცხოური ჟურნალებიდან ინფორმაცია კი გვაქვს, მაგრამ საქართველოში სლინგის ყიდვის შესაძლებლობა ნაკლებად. 
     სლინგი არის ბავშვის სატარებელი სხვადასხვა კონსტრუქციის ქსოვილის შემოსახვევი. იგი მთელს მსოფლიოში პოპულარობით სარგებლობს, ჰოლივუდის ვარსკვლავებიც კი არ თაკილობენ სლინგით თავიანთი პირმშოების ტარებას.
    თბილისში სლინგს მგონი ვერსად იყიდი. არც ის მინახავს სლინგშემოხვეული დედა ბავშვს რომ ასეირნებდეს. როცა შვილი გამიჩნდა ძალიან მინდოდა სლინგი მქონოდა, მაგრამ აქ ვერსად მივაკვლიე. არა და, რასაც ვკითხულობდი, სლინგის ღირსებების შესახებ, ძალიან მხიბლავდა.
    ინტერნეტში ადვილად იპოვით ათასობით სტატიას იმის შესახებ, თუ რა სახეობის სლინგები არსებობს, გაეცნობით მისი ტარების თეორიასა და პრაქტიკას. ყველა სლინგს ერთი რამ აქვს საერთო – ის, თუ როგორ თავსდება მასში ბავშვი. პატარა თავს გრძნობს მყუდროდ და მოხერხებულად, არ არის ჩამოკიდებული, როგორც “კენგურუში”.
   

ბევრმა შეიძლება იკითხოს: საერთოდ, რა საჭიროა სლინგი, როცა თბილისის მაღაზიებში იყიდება მშვენიერი საბავშვო ეტლები და სხვადასხვა ფირმის ძალიან კარგი და საიმედო “კენგურუები”. მე გიპასუხებთ: ერთი მითხარით, როგორია ჩვილის გასეირნება ეტლით, როცა ვაკის პარკის კიბეები გაქვს გასავლელი, ან მიწისქვეშა გადასასვლელით უნდა ისარგებლო, ან კიდევ სავაჭრო ცენტრში გინდა მისვლა, მეორე სართულზე, სადაც არც ლიფტია და არც ესკალატორი? მე ხშირად ასეთ დროს “კენგურუ” მშველოდა, მაგრამ ზაფხულში რა მოგახსენოთ, პატარა ძალიან წუხდებოდა სიცხისგან და მერე რომ წამოიზარდა, “კენგურუში” აღარც ეტეოდა...
    პირობითად სლინგებს ყოფენ სამ ჯგუფად: სლინგი-შარფი, სლინგი-თასმებით და სლინგი-რგოლებით. სლინგი - შარფი შეიძლება სხვადასხვა სიგრძის და სიგანის იყოს. ეს არის ტრიკოტაჟის ან ტილოს 6 მეტრიანი ქსოვილი. სლინგი-შარფი დედამ გარკვეული წესების დაცვით უნდა შემოიხვიოს ტანზე და თავის “ბუდეში” ჩაისვას ბავშვი. ერთი შეხედვით შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ ეს პროცესი. სინამდვილეში კი, სლინგის შემოხვევა ერთი-ორი მცდელობის შემდეგ შეიძლება ვისწავლოთ _ ამ საქმეში გამოცდილი ადამიანის დახმარებით ან ფოტო თუ ვიდეო ინსტრუქციის ნახვით, რითაც სავსეა ინტერნეტი. როგორც ამბობენ, შარფი ყველაზე მოსახერხებელი საშუალებაა როგორც ჩვილის, ასევე ცოტა მოზრდილი ბავშვის სატარებლად. სწორად შემოხვეული და მორგებული სლინგი მშვენივრად აწონასწორებს ბავშვის წონას და თანაბრად ანაწილებს სიმძიმეს, ასევე ბავშვის სხვადასხვანაირად ტარების საშუალებას იძლევა. იმასაც ამბობენ, რომ სლინგი არაფრით ჩამოუვარდება “კენგურუს”(თუნდაც ფასით).
    რგოლებიანი სლინგი მხარზე ირიბად შემოსადებია. შესაბამისად ბავშვის წონა ნაწილდება არა მხრებს, ზურგსა და წელს შორის, არამედ მთელი სიმძიმე მშობლის ერთ მხარს აწვება. მართალია, სლინგის მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ მართებული გამოყენებისას არანაირი დისკომფორტი არ იქნება, სინამდვილეში, სირთულის მომენტი მაინც არის, რადგან ვისაც ზურგი აწუხებს, ცხადია დიდხანს სიმძიმეს ვერ გაუძლებს. თუმცა ასეთი სლინგი კარგია როცა ახლო მანძილზე ხარ წასასვლელი, ან როცა ბაშვი თეძოზე გყავს შემოსმული, ან პატარა ხშირად გვთხოვს ხელში აყვანას.
    თასმებიანი სლინგი უფრო “კენგურუს” მსგავსია. ამ ჯგუფში შედის სხვადასხვა კინსტრუქციის სლინგები, რომელთა ელემენტებიც მსოფლიოს სხვადსხვა ხალხისგან არის ნასესხები. მათ შორისაა სლინგი – მართკუთხა ქსოვილი ოთხი თასმით, ასევე ბავშვის სატარებელი ზურგჩანთები, რომელიც “კენგურუსგან” განსხვავდება ბავშვის ჩასმის ხერხით – პატარა ფეხებით ეჭდობა დედას.
    დღევანდელი სლინგი არც ისე დიდი ხნის წინ გაჩნდა, მაგრამ მისი პროტოტიპები თითქმის ყველა ხალხის კულტურაში მოიძებნება. აფრიკის, აზიის ბევრი ხალხი, ასევე ბოშებიც, დღემდე ტანზე შემოხვეულ
ნაჭრებში ატარებენ ბავშვებს. სლინგის დადებითი მხარე ისაა, რომ ნამდვილად მოსახერხებელია იქ, სადაც ეტლით ვერ გაივლი და არც ავტომობილის სავარძელი გამოგადგება... სლინგი დედიკოს “ჩუქნის” თავისუფალ ხელებს, თანაც ბავშვის სლინგით ტარება უფრო ადვილია, ვიდრე ხელით. პატარა ბაია დედას ჩაეხუტება და მას არაფერი მოუვა. უფრო მეტიც, სლინგში ჩვილს შეუძლია ძუძუ მიირთვას, თან ისე, რომ ვერავინ შეამჩნევს. სლინგი დაგვეხმარება მაშინაც, როცა პატარა ჭირვეულობს ან ავად არის, სულ დედასთან რომ უნდა ყოფნა; როცა გაზები აწუხებს, ან კბილების ამოსვლას “ებრძვის” და წუხს – ბავშვი ხომ უნდა დავამშვიდოთ, არა და თან ათასი საქმეა სახლში, სადილია გასაკეთებელი თუ ბევრი სხვა რამ. სლინგით ამ ყველაფრის მოგვარება შეიძლება – ის ბავშვთან ერთად თავისუფლად გადადგილების საშუალებას გვაძლევს.
     და კიდევ: დედიკოს შეუძლია სხვადასხვა ფერის სლინგების კოლექცია ქონდეს: თვალების, მაისურის თუ ქურთუკის შესაფერისი, ან თუნდაც სპეციალური კომუფლაჟური სლინგი მამიკოსთვის: დაე, ამაყად ატაროს თავისი მემკვიდრე! მართალი გითხრათ, ინტერნეტში რაც ვნახე, ზოგიერთი საფირმო სლინგის ფასი არაფრით ჩამოუვარდება კარგი საბავშვო ეტლის ღირებულებას. თან, გაითვალისწინეთ, სლინგთან ერთად დაგჭირდებათ სპეციალური პალტო, ქურთუკი ან პონჩო და კიდევ ათასი წვრილმანი. მოგიწევთ სხვანაირად ჩაიცვათ თქვენც და პატარამაც, თორემ ზაფხულში ოფლად დაიღვრებით ქსოვილების შრეებში. რაც არ უნდა ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან იყოს შექმნილი, ნებისმიერი ნაჭრის სამი ფენა, ამას დამატებული ჩახუტებული ბავშვი – მართლაც დისკომფორტის შემქმნელია.
     სლინგში ბავშვი შეიძლება თეძოზე მოისვათ ისე რომ ფეხები კარგად ექნეს გაშლილი. ასეთი მდებარეობა კარგია მენჯისთვის, დისპლაზიის დროს. თუმცა წამყვანი ორთოპედები მიიჩნევენ, რომ ეს პატარას ჯანმრთელობის პროფილაქტიკის მხოლოდ დახმარე ხერხია და არ უნდა ვიფიქროთ, რომ სლინგის მეშვეობით – ბავშვის ფიზიოლოგიური პოზის ხარჯზე - შეიძლება დისპლაზიის მკურნალობა. დისპლაზიის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ექიმ-სპეციალისტის საქმეა!
    და მაინც, სლინგი მშვენიერი გამოგონებაა ბავშვის სატარებლად, თანაც საუკუნეების მანძილზე გაიარა გამოცდა. თუმცა სლინგი ვერ შეცვლის ვერც ავტომობილის სავარძელს და ვერც საბავშვო ეტლს, მათთან ერთად კი კარგი დამხმარე შეიძლება გახდეს მშობლებისთვის.
ირენ მახარაძე
2009

No comments: