Babies and Parents

17 July 2012

სასარგებლო კომბოსტო



   დღეს კომბოსტოს 150 სახეობაა ცნობილი და ყოველი მათგანი უნიკალური, სასარგებლო და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. კულინარები კი თეთრ კომბოსტოზე მეტად  მის შემდეგ ნაირსახეობებს ანიჭებენ უპირატესობას - წითელს, ყვავილოვანს, ბროკოლის, ბრიუსელურს, კოლრაბის, პეკინურს. ისინი, რა თქმა უნდა, განსხვავდებიან ერთმანეთისგან როგორც გარეგნულად, ისე გემოთი, მაგრამ ყველა ძალზე სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
კომბოსტოს ყველა სახეობა შეიცავს ვიტამინების დაბალანსებულ კომპლექსს, C ვიტამინის შემცველობით კი ლიმონსაც არ ჩამოუვარდება.
კომბოსტოს ახასიათებს სიმსივნური უჯრედების შეჩერების თვისება. კომბოსტოს ოჯახის ყველა წევრს აერთიანებს სასარგებლო თვისება - ვიტამინებს ინარჩუნებს დიდი ხნის მანძილზე.
თეთრი კომბოსტო ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს - ორგანულ მჟავებს, ენზიმებს, ფიტონციდებს, კალიუმს, რომელიც აუცილებელია გულის მუშაობისთვის. კომბოსტოს  ფურცლები (საადრეო მწვანე კომბოსტო) შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რაც აუცილებელია სისხლის წარმოქმნისა და ცვლის პროცესებისთვის. ყოველდღიურად ამ პროდუქტის გამოყენება დაძაბულობას მოგვიხსნის, ნერვებს დაგვიმშვიდებს.
ცინკი კომბოსტოში ყველაზე ათვისებადი ფორმით არსებობს. ის აუცილებელია ნივთიერებათა ცვლისთვის. ასევე შეიცავს იშვიათ მიკროელემენტებს სელენსა და გლუკოზას. ეს მნიშვნელოვანი იმუნური ნივთიერებებია, აუცილებელი ჩვენი სხეულის ყველა უჯრედისთვის.
კომბოსტოში ბევრია ვიტამინი: C, K, ასევე B, P, PP ჯგუფების.
ცოცხალი კომბოსტოს ფურცლების დადება თავის ტკივილის დროს შვებას გვრის. კომბოსტოს ფურცლებისა და კვერცხის ცილისგან მომზადებული ფაფა კი საუკეთესო წამალია დამწვრობისა და ჭრილობის დროს.
კომბოსტოს კერძები, რომელიც 10-15 წთ იხარშება, ხელს უწყობს კუჭის მოქმედებას, ხოლო 30-40 წთ ხარშვისას - კუჭში კრავს. სახლის პირობებში სასარგებლოა თეთრი კომბოსტოს წვენის მომზადება.  კომბოსტო ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ, შემდეგ კი გადავწუროთ. ეს წვენი შეგვიძლია შუშის ბოთლით მაცივარში შევინახოთ, მაგრამ 2 დღეზე მეტხანს არა. კომბოსტოს წვენს თაფლით იყენებენ სასუნთქი გზების ანთებისა და ლარინგიტის დროს.
წითელი კომბოსტო თეთრის ახლო ნათესავია, მაგრამ უფრო მდიდარია სასარგებლო და მკვებავი ნივთიერებების შემცველობით. მასში არის განსაკუთრებული ნივთიერება - ანტოციანი, რომელიც სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის, წნევას დაბლა წევს. წითელი კომბოსტოს ფიტონციდები აფერხებს ტუბერკულოზის ჩხირის განვითარებას. ასევე შველის მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს.
ყვავილოვან კომბოსტოში არის ბევრი ცილოვანი ნივთიერება, რომლის შემადგენლობაშიც შედის შეუცვლელი ამინომჟავა მეტონინი, ასევე ვიტამინისებრი ნივთიერება ქოლინი. სწორედ ამიტომ არის ეს კომბოსტო კვების მნიშვნელოვანი პროდუქტი მათთვის, ვისაც აწუხებს თირკმელი, ათეროსკლეროზი და დიაბეტი. გარდა ამისა, ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია ვიტამინებით და მინერალური ნივთიერებებით: მასში ვიტამინი C ორჯერ მეტია ვიდრე თეთრ კომბოსტოში, ასევე ცილაც. ყვავილოვანი კომბოსტოს აზოტის ნივთიერებების თითქმის ნახევარი ადვილად ათვისებადი ცილოვანი ნაერთებია, ამიტომ ადამიანის ორგანიზმი მას უკეთ ითვისებს, ვიდრე კომბოსტოს სხვა სახეობებს. ამ თვისებების წყალობით ყვავილოვანი კომბოსტო გამოიყენება ბავშვის და დედის დიეტურ კვებაში, რომლებსაც კუჭნაწლავისა და თირკმელის პრობლემები აქვთ.
კოლრაბს უწოდებენ ჩრდილოეთის ლიმონს. ბუნებამ კოლრაბი გულუხვად დააჯილდოვა სასარგებლო ნივთიერებებით. C ვიტამინის შემცველობით ლიმონს არაფრით ჩამოუვარდება. კალიუმისა და კალციუმის დიდი რაოდენობა ამ კომბოსტოს განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. გარდა ამისა, კოლრაბი მდიდარია ფოსფორით, რკინით, B ჯგუფის ვიტამინებით. ამ კომბოსტოს საკვებში რეგულარულად ჩართვა ხელს უწყობს ნერვული სისტემის, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას.
ბროკოლი ითვლება ყვავილოვანი კომბოსტოს სახეობად, თუმცა სასარგებლო თვისებებით აღემატება მას. ის უფრო მდიდარია კაროტინით, C ვიტამინი მასში სამჯერ მეტია, ვიდრე ყვავილოვანში. ის შეიცავს B, PP, E ჯგუფის ვიტამინებს. საკმაო რაოდენობის მინერალურ ნივთიერებებს. განსაკუთრებით მდიდარია კალციუმით და ფოსფორით.
ეს ბოსტნეული განსაკუთრებით სასარგებლოა გულის უკმარისობის და ნერვული სისტემის მოშლის დროს. ასევე ღვიძლისა და მუცლის ღრუს დაავადებების დროს. ქლოროფილი, რომელიც მის შემადგენლობაშია, დადებითად მოქმედებს სისხლის შემადგენლობაზე. და კიდევ, ეს კომბოსტო ითვლება ერთერთ საუკეთესო ანტისკლეროტულ საშუალებად.
ბრიუსელის კომბოსტოს სამშობლოდ ბელგია ითვლება. პაწაწინა ბრუსელური კომბოსტო თეთრის ნათესავია, თუმცა სასარგებლო თვისებებით აღემატება მას. ცილები, ვიტამინი C, ამინომჟავები და მინერალები გაცილებით მეტია მასში. მდიდარია რკინით და სასარგებლოა ბავშვებისთვის.
პეკინის კომბოსტოში ცილები ორჯერ მეტია, ვიდრე თეთრში, მეტია კალციუმი, ფოსფორი, რკინა. მდიდარია A, B1, B2, C,PP ვიტამინებით. ახასიათებს დიეტური და სამკურნალო თვისებები.

No comments: