Babies and Parents

15 July 2009

კულინარია პატარებისთვის Kids Cusine

     პატარა მზარეულებისთვის ირჩევენ იოლ და რაც მთავარია, სწრაფად მოსამზადებელ რეცეპტებს. იმიტომ რომ მომზადების პროცესში ბავშვებს უფრო მეტად გემრიელი ინგრედიენტების სიმრავლე მოსწონთ, ვიდრე შედეგი.
     გერმანიაში სპეციალური სკოლაც გაუხსნიათ პატარა მზარეულებისთვის, სადაც იღებენ იმათაც, ვინც მაგიდას ძლივს სწვდება. ამ სკოლის დამაარსებელი, ჰამბურგელი რესტორატორი კრისტიანა კრაფტი ამბობს, რომ “ყველა ადამიანში არის მიძინებული მზარეული. ის მხოლოდ უნდა გააღვიძო და ეს რაც შეიძლება ადრე უნდა გავაკეთოთ. უფროსებისგან განსხვავებით, თითქმის ყველა ბავშვს უნდა მზარეულობა და ამას სიამოვნებით აკეთებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ძვირფასი გრძნობა წლებთან ერთად არ განელდეს. და უნდა დავიწყოთ მარტივიდან.”
ნორჩი კულინარების სკოლაში პოეტური სახელწოდების დესერტში “მარწყვის ღრუბელი” მარწყვის გარდა ამატებენ იოგურტს, თაფლს და ნამცხვარს. ბლინებსაც აცხობენ. თუ პირველი ბლინი არ გამოუვათ, რა თქმა უნდა კრისტიანა დაეხმარებათ, თუმცა მოწაფეები მაშინვე ხვდებიან როდის და როგორ უნდა გადააბრუნონ ბლინი, რა მომენტში უნდა დაუკლონ ცეცხლს. ზოგისთვის ეს პირველი კულინარიული გმირობაც შეიძლება იყოს.
     ეს ბავშვებისთვის მხოლოდ გართობა არაა. ისეთი მონდომებულები არიან, უნდათ ყველაფერი გამოუვიდეთ რომ მერე გემრიელად მიირთვან.
ჰამბურგის სკოლაში კულინარიის გაკვეთილი მიმდინარეობს ნახევარი საათი, კიდევ ამდენივე დრო დეგუსტაციას ეთმობა. ბავშვებმა მარწყვის დესერტი და ბლინები პირველ რიგში უნდა მიირთვან, თორემ მშობლები მოვლენ და მოუწევთ მათთან გაყოფა.
ჩემს გოგონასაც ძალიან მოსწონს თავისი ხელით გემრიელი რაღაცეების კეთება, ჰოდა ხშირად მისი ასაკისთვის შესაფერ რეცეპტებს, ადვილი და სწრაფად მოსამზადებელი რომ იყოს ისეთს, რა თქმა უნდა ინტერნეტში ეძებს. რეცეპტებს რა უჭირს, ამას წინათ ჩემმა მეგობარმა მიამბო, ერთ კერძო სკოლაში თურმე საქართველოს ისტორიას ასეთი მეთოდით ასწავლიან: მასწავლებელი ბავშვებს ავალებს მოამზადონ “პრეზენტაცია” სახელწოდებით “შაჰ-აბასი”, ინფორმაციისთვის კი ინტერნეტს მიუთითებს. წიგნი? –არა... ქრისტიანობის შემოსვლაც ასე უნდა ისწავლონ თურმე, ინტერნეტიდან. კი, მესმის, რომ ეს თანამედროვე სამყაროში ინფორმაციის სწრაფად მიღების საშუალებაა, მაგრამ ამ “პრეზენტაციის” მომზადების შემდეგ, მეეჭვება ბავშვებს მეხსიერებაში რამე დარჩეთ.
მივუბრუნდები, ისევ ლიზას გატაცებას ინტერნეტში აღმოჩენილი საბავშვო კულინარიით. ჰოდა, რამდენჯერაც ჩავხედე ამ რეცეპტებს, უბრალოდ გავიფიქრე - მე ხომ ამაზე ასჯერ უკეთესს და გემრიელს ვაკეთებ! რა რეცეპტებია გაინტერესებთ? - ნაყინი, რძე, ხილი – “მილქშეიკი” რომ ჰქვია, ამას რეცეპტი ჭირდება? ამ რეცეპტებში სასაცილო ნაბიჯები და რჩევებია. მაგრამ მალე გონება გამინათდა – ეს ხომ ბავშვს აინტერესებს, საკუთარი ხელით სურს მომზადება...
     ლიზას დაიჟინებული თხოვნით მოვიტანეთ საჭირო მასალა: იოგურტი, მარწყვი და თაფლი. გავაკეთეთ იოგურტის ნაყინი, უფრო სწორად მოამზადა თავიდან ბოლომდე საკუთარი ხელით - 7 წლის ქალბატონმა.
    მართალი გითხრათ, პირველად ვიფიქრე რომ უფრო ადვილი იქნებოდა იოგურტი გვეყიდა და პირდაპირ გაგვეყინა ჯოხებით. მაგრამ როცა სამზარეულოში მოფუსფუსე ლიზას ვუყურებდი, როგორ მოირგო წინსაფარი, ყველა ინგრედიენტი მაგიდაზე მოიწყო, აიღო ბლენდერი, მერე ჭიქით და კოვზით როგორ რწყავდა იოგურტის და მარწყვის საჭირო დოზას – მივხვდი, რომ ეს საქმე ამ ბავშვს ძალიან მოსწონს და ახალისებს. მოკლედ, მთელი რეცეპტი თვითონ გააკეთა, გასინჯა და სიამაყით აღივსო შესრულებული სამუშაოს შედეგს რომ ხედავდა. მე კი ყველაზე მეტად ის მახარებდა, რომ ახალმა კულინარიულმა გამოცდილებამ ასე გაახარა, ასიამოვნა ბავშვიც და მთელი ოჯახიც და რაც მთავარია, თავდაჯერებულობა შემატა პატარა გოგოს. ამის შემდეგ ლიზა ახალი რეცეპტების ძიებას შეუდგა.
ახლა ვნახოთ, იოგურტის ნაყინის მოსამზადებლად რა დაგვჭირდება:· 1 ჭიქა დაბალი ცხიმიანობის იოგურტი
· 1 ჭიქა ცოცხალი ან გაყინული მარწყვი
· 2 სუფრის კოვზი თაფლი
ასევე იარაღები:· სარწყავი ჭიქა
· კოვზი
· ბლენდერი
· 4 ქაღალდის ჭიქა
· ფოლგის ქაღალდი
· 4 პატარა ხის ან პლასტმასის ჯოხი
მომზადების წესი: ბლენდერში გავთქვიფოთ იოგურტი, ხილი და თაფლი. მიღებული მასა ჩავასხათ ქაღალდის ჭიქებში, ისე რომ ბოლომდე გავავსოთ. ჭიქებს დავაფაროთ ფოლგა. ხის ჯოხები ჩავარჭოთ ფოლგის ცენტრში, ისე რომ სწორად იდგეს. შემდეგ ჭიქები შევდგათ საყინულეში დაახლოებით 5 საათის განმავლობაში. საყინულედან რომ გამოვიღებთ მოვაცილოთ ფოლგა და ჭიქები და მივირთვათ.
ბავშვები და მშობლები
2009

No comments: