Babies and Parents

27 September 2009

მფრინავი სახლი Up













2009 წლის კომედიური ჟანრის სათავგადასავლო მულტფილმი
რეჟისორები: პიტ დოკერი, ბობ პიტერსონი.
როლებში: ედვარდ ესნერი, კრისტოფერ პლამერი, ჯორდან ნაგაი, ბობ პიტერსონი, დელროი ლინდო, ჯერომ რენფტი და სხვები.
     კომპანია „პიქსარის“ მიერ შექმნილი „მფრინავი სახლი“ – სამგანზომილებიანი ანიმაციის პირველი და წარმატებული ცდაა - ნახატის სამგანზომილებიანობის აზრით, და არა მხოლოდ ანიმაციის. მულტფილმში ჩვენ გველის თავბრუდამხვევი თავგადასავალი გმირებთან ერთად: მარტოხელა ბაბუ მიდის სამოგზაუროდ ფრიად უჩვეულო ტრანსპორტით: მიფრინავს ასიათასობით ბუშტებშებმული საკუთარი სახლით, ძაღლისა და პუტკუნა სკაუტი ბიჭუნას თანხლებით.
     ფილმის ისტორია ასეთია: 78 წლის ბუზღუნა კარლ ფრედრიკსენს, რომ იტყვიან, ცხოვრებაზე ხელი აქვს ჩაქნეული. რომ შეასრულოს გარდაცვლილი ცოლისთვის მიცემული სიტყვა, ის გადაწყვეტს განახორციელოს თავისი ძველი ოცნება დიდ მოგზაურობაზე. მთელი თავისი ცხოვრება ბუშტების გამყიდველი კარლი ოცნებობდა შორეულ ქვეყნებში მოგზაურობაზე, მაგრამ ვერასდროს ახერხებდა ამას. და აი, უკვე მოხუცი, იმის გამო, რომ მოხუცებულთა თავშესაფარში არ მოხვედრილიყო, ასეთ გადაწყვეტილებას.
     ჰოდა, საკუთარ სახლს მიაბამს ათასობით ფერადფერად საჰაერო ბუშტს და გაფრინდება შორს სამხრეთ აფრიკაში. ნახევარი მილიც არ ქონდა გავლილი მოგზაურს, რომ აღმოაჩინა თურმე შემთხვევით 8 წლის ფუმფულა რასელიც თან გაუყოლებია.
მოკლედ, მოულოდნელად გაირკვევა, რომ მარტო არ წასულა სამოგზაუროდ. მფრინავი სახლის ბორტზე შემთხვევით აღმოჩნდება გაუთავებლად მოლაპარაკე ბიჭი - სრული კოშმარი პენსიონერისთვის, რომელიც სიმშვიდეზე ოცნებობდა. ასე რომ, ეს უჩვეულო წყვილი თავს ამოყოფს სამხრეთ ამერიკის დაკარგულ ქვეყანაში, სადაც მათ ამ ქვეყნად ყველაზე სასაცილო თავგადასავალი ელოდებათ.
ჯუნგლები, შავი კლდეები, უჩვეულო ცხოველები, იშვიათი ფრინველები - ყველაფერი რომ საკუთარი თვალით ენახათ, მერე კი მაქსიმალურად ნამდვილად გაეცოცხლებინათ ეს ბრწყინვალება, ანიმატორები თურმე თავად გაემგზავრნენ თავბრუდამხვევ მოგზაურობაში, დედამიწაზე ალბათ ყველაზე იდუმალ ადგილას, ვენესუელაში, ანხელის ჩანჩქერთან.

     აი, რას ამბობს ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი პიტ დოკტერი: „ჩვენ ფულს ვშოულობთ მულტფილმებით და მივეჩვიეთ მოგზაურობას მხოლოდ შენობის ერთი ბოლოდან მეორისკენ. აქ კიდე ქვები იყრება, ბუჩქები ძირფესვიანად ითხრება. ჩვენ აბსოლუტურად მოუმზადებელი ვიყავით ასეთი მოგზაურობისთვის.“
     წელს კანის ფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა მულტფილმით „მფრინავი სახლი“.     ფესტივალის ისტორიაში პირველად მოხდა რომ ანიმაციურ ფილმს ერგო ასეთი პატივი. ჩვენებაზე მოსულებს აძლევდნენ სპეციალურ სათვალეებს, რადგან აქ პირველად მულტიპლოკაციაში გამოყენებულია რევოლუციური ტექნოლოგია - სამგანზომილებიანი გამოსახულება.
     ჯონ ლასეტერი, აღმასრულებელი პროდიუსერი: “აქამდე მსგავსი არაფერი გინახავთ! კომპიუტერის სპეციალისტებს თავსატეხი გაუჩნდათ ამგვარი სამგანზომილებიანი ეფექტი რომ შეექმნათ. აი, თქვენ გაიკეთებთ სათვალეს და იგრძნობთ კიდეც როგორ გიბერავთ ქარი სახეში.“
     სამგანზომილებიანი გამოსახულების ღირსება უკვე სათანადოდ შეაფასეს ქართველმა ბავშვებმაც. 11 ივნისიდან „მფრინავი სახლი“ უკვე თბილსის კინოთატრებში გადიოდა. ქართულ ენაზე მულტფილმის მთავარი გმირი გივი ბერიკაშვილის ხმით საუბრობს. და ისე კარგად გამოსდის, გგონია რომ მსახიობს პირდაპირ შეუყვარდა საყვარელი ბუზღუნა მოხუცი. ერთ-ერთ პერსონაჟს, ძაღლს, ახმოვანებს „კოხორა“ - თემურ ჯახაია, რასელს - ივა გოგიტიძე.
     ეს მართლაც კარკი ფილმია - უბრალოდ და ოსტატურადაა დაჭერილი ნიუანსები. გამოსახულება მომაჯადოებელია თავისი რეალურობით. მარტოხელა მოხუცის ამაღელვებელი ისტორია, გარემოებებმა რომ აიძულა თავისი სახლიანად ეხეტიალა ქვეყნად და რომელიც ობოლი ბიჭის სიყვარულმა ცხოვრებისკენ შემოაბრუნა.
რაც მთავარია, დედიკოებს და მამიკოებს ჩვენს შვილებთან ერთად შეგვიძლია ვუყუროთ ამ შესანიშნავ ფილმს და სასაცილო და საყვარელ პერსონაჟებთან ერთად გავფრინდეთ შორეული სამხრეთ ამერიკის ჯუნგლებში და ერთად ვიმხიარულოთ.

No comments: