Babies and Parents

13 June 2010

ბავშვის მეხსიერება

ბავშვის ყურადღების და მეხსიერების განვითარება


     ჩემი შვილი მაოცებს სარეკლამო კლიპების ცოდნით და გამოცნობით. შეუძლია ზეპირად, უშეცდომოთ ჩამოარაკრაკოს „ბარამბოს“ და „უნიქარდის“ რეკლამის ტექსტები. თუმცა 3,5 წლის პატარას ლექსი რომ ვასწავლო და ვათქმევინო, ამისთვის დიდი ძალისხმევა მჭირდება. როცა ლექსს ვუკითხავ, ის სულ თვალებს აცეცებს, მანქანებს ხელში ათამაშებს და გამუდმებით სვამს კითხვებს აბსოლუტურად განსხვავებულ თემებზე. ან იმ დროს აუცილებლად მოინდომებს წყლის დალევას. გამეორებაც ეზარება. ამასწინათ  ვაჟას „არწივი“ რომ წავუკითხეთ რამდენიმეჯერ და გამეორება ვთხოვეთ, გვითხრა: „არწივი მოკვდა...“ ეს იყო და ეს. ერთ ადგილზე ორი წუთი წყნარად ჯდომა, ჩვენთვის დიდი პატივია... ამ „ბრძოლაში“ მართლა ვიქანცები... საბოლოო უიმედობაში ჩავარდნას გადამარჩინეს მეგობრებმა, რომლებსაც ანალოგიური პრობლემები ქონდათ. მათი შვილებიც ძნელად იმახსოვრებდნენ საბავშვო ლექსებს და სიმღერებს, უჭირდათ ყურადღების კონცენტრირება დავალების შესრულების დროს.

     თურმე, ბავშვის მეხსიერებას ვარჯიში სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუჭირდება სწავლა, მალე დაიღლება და თავის ტკივილმაც შეიძლება შეაწუხოს.
სამ წლამდე ბავშვის ყურადღებას და მეხსიერებას არათვითნებური ხასიათი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პატარა მთლიანად საკუთარი ემოციებისა და გრძნობების ძალაუფლების ქვეშ არის.  მას ამახსოვრდება მხოლოდ ის, რაც ფერადი და საინტერესოა.  ყურადღებას ამახვილებს მანამ, სანამ მისი ინტერესი გარემომცველი საგნებისა და სათამაშოებისადმი არ გაქრება. როგორც კი მხედველობის არეში ახალი ნივთი ხვდება, იმწამსვე მისი ყურადღება გადაერთვება ამ ობიექტზე.
გამოცდილმა დედებმაც დამამშვიდეს – ამ პრობლემების მოგვარება სავსებით შესაძლებელია. ზოგს საბავშვო ბაღმა უშველა. ამას აუცილებლად გავითვალისწინებ, სექტემბრიდან საბავშო ბაღში წავიყვან!

     ამ თემასთან დაკავშირებით ჩემს მეგობარ ფსიქოლოგებს ვესაუბრე და რამდენიმე საინტერესო რჩევა მომცეს, რომელსაც აქვე გაგიზიარებთ:
     4-5 წლის ასაკში თავის ტვინის მუშაობა სრულყოფილი ხდება, აქტიურად მიდის ყველა ფსიქიკური პროცესის განვითარება. ბავშვი მნიშვნელოვნად წინ მიიწევს გონებრივი განვითარებით. მას შეუძლია გატაცებით დაკავდეს რაიმე საქმიანობით უკვე საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე.
     სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უყალიბდებათ მეხსიერების და ყურადღების თვითნებურობა. ეს ხდება უფროსების დამსახურებით, რომლებიც მათთან ერთად ატარებენ დროს.
     ცნობილია, რომ საუკეთესო ხერხი ბავშვის რაიმე ჩვევის განვითრებისა და ვარჯიშისთვის არის თამაში.
      თამაში ბავშვის ბუნებრივი მდგომარეობაა, მისი მთავარი საქმეა.
     ყველაზე პატარებისთვის (1 დან 1,5 წლამდე) საყვარელი თამაში დამალობანაა. თანაც არსებობს რამდენიმე ვარიანტი. ეს თამაში მშვენივრად ავითარებს მხედველობით ყურადღებას და მეხსიერებას, ასევე მეტყველებას.
     ავიღოთ ორი სათამაშო, ვთქვათ მანქანა და დათუნია. ვაჩვენოთ ის ბავშვს, მერე კი სხვადასხვა ფერის ქსოვილი გადავაფაროთ და ვკითხოთ: „ სად დაიმალა დათუნია?“ ვთხოვოთ, მოძებნოს სათამაშო. მეორე ჯერზე კი ეს სათამაშო სხვა ფერის ქსოვილით დავმალოთ.
     ისევ – ბავშვთან ერთდ ავირჩიოთ ორი სათამაშო, სასურველია განსხვავებული ფორმის, ზომისა და ფაქტურის, მაგ. ბურთი და „კუბიკი“. მის თვალწინ ეს ნივთები ტომარაში დავმალოთ. მერე კი ვკითხოთ: “სად გაქრნენ ჩვენი სათამაშოები? მგონი ტომარაში დაიმალნენ. მოდი, მოვძებნოთ.“ ვთხოვოთ პატარას ხელი ჩაყოს შიგნით და ხელის შეხებით გამოიცნოს რომელი სათამაშო იპოვა. მოვეხმაროთ პასუხშიც. შემდეგ კი შევამოწმოთ, მართლა ის სათამაშო იპოვა თუ არა.
     ერთ რიგში დავალაგოთ სამი სათამაშო (შეიძლება ბარათებიც). ბავშვმა დაათვალიეროს და თქვას რა არის, შემდეგ კი ვთხოვოთ თვალები დახუჭოს, ჩვენ კი რომელიმე ერთი სათამაშო დავმალოთ და ვკითხოთ: „ვინ დაიმალა?“ გავართულოთ თამაში, გავზარდოთ სათამაშოების რაოდენობა ხუთამდე.
აუცილებლად შევაქოთ ბავშვი სწორი პასუხისას.
     სმენითი ყურადღებისა და მეხსიერების განვითარებისთვის კარგი იქნება შემდეგი თამაშების გამოყენება.
    ვთხოვოთ ბავშვს თვალები დახუჭოს და გამოიცნოს მაგიდაზე დალაგებული საგნებიდან რომელი გამოსცემს ხმას (ვთქვათ, კოვზი მივარტყათ სათამაშოს, ან ქაღალდი დავჭმუჭნოთ, საყვირში ჩავბეროთ...).
     მივაყურადოთ ჩიტების ჭიკჭიკს, მანქანის ხმებს და ა. შ, მოკლედ, ყველა წვილმანზე მივაქცევინოთ ყურადღება ქუჩაში, სახლში, ტყეში, ზღვისპირას.
     მოზრდილი ბავშვები დიდი ინტერესით ასრულებენ გამოცანებს, სადაც უნდა მოძებნონ განსხვავება ორ სურათს შორის, იპოვონ გამოსაულებაში დეტალი, რომელიც აკლია, დაასრულონ დაუმთავრებელი ნახატი. ასეთი სავარჯიშოები კარგად ავითარებს მხედველობით აღქმას და ყურადღების კონცენტრირებას.
     მაგალითად, დავხატოთ მანქანა – ბორბლების, საათი – ისრების, სახლი – სახურავის გარეშე და ვთხოვოთ ბავშვს გამოიცნოს, რა აკლია ნახატზე გამოსახულებას.
     იმისთვის, რომ განვუვითაროთ ყურადღების გადართვისა და გადანაწილების უნარი, ასეთი სავარჯიშოები შეგვიძლია გამოვიყენოთ: ვაჩვენოთ ბავშვს დაფა ნებისმიერი ნიშნებით – ასოებით, ციფრებით, გეომეტრიული ფიგურებით. მან უნდა დაათვალიეროს რიგები მარცნიდან მარჯვნივ და მონიშნოს საჭირო ნიშანი (მაგ. „ა“).
     ჩამოვთვალოთ სხვადასხვა სიტყვა: „მაგიდა, საწოლი, წიგნი, ძაღლი“ და ა.შ. შევთანხმდეთ, რომ ბავშვი „სიტყვებს დაიჭერს“ (ტაშს შემოჰკრავს) მაშინ, როცა ცხოველს დავასახელებთ. შეგვიძლია გავართულოთ ეს ვარჯიში და ცხოველის დასახელებისას ტაში შემოჰკრას, მცენარეების ჩამოთვლისას კი წამოდგეს.
     იმ პატარებისთვის, ვინ კითხვა იცის, შეგვიძლია დავბეჭდოთ ან დავწეროთ ასოები არეულად, ისე რომ მათში სიტყვა „დავმალოთ“ (3-4 ან 5–ასოიანი). ვთხოვოთ ბავშვს ამ ასოებისგან ააწყოს სიტყვა და დაწეროს. თან სასაცილო სიტყვები მოვიფიქროთ – ბავშვებს ეს ძალიან მოსწონთ.
     მეხსიერება ესაა უნარი ინფრომაციის მიღების, დამახსოვრებისა და გამოყენების. ეს არის ბავშვის ნიჭის საფუძველი, სკოლაში წარმატებით სწავლის საწინდარი. ხშირად, სკოლაში ახლადმისულ ბავშვებში სპეციალიტები აღნიშნავენ მხედველობითი და სმენითი მეხსიერების განვითარების არასაკმარის დონეს. მასწავლებლები და მშობლები ჩივიან, რომ ბავშვი ცუდად ითვისებს სასწავლო მასალას, არ ახსოვს საშინაო დავალება და არც ის, რა უნდა მიიტანოს მეორე დღეს კლასში. სამაგიეროდ საყვარელი მულტფილმი ან რეკლამა ზეპირად იცის. ასეთი „დაბნეულობა“ იმით აიხსნება, რომ არ მუშაობს თვითნებურობისა და დამახსოვრების მექანიზმი. არათვითნებური დამახსოვრება, რომელიც ემყარება ემოციებსა და ინტერესს, ბავშვთან მშვენივრად მოქმედებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი არ ვავარჯიშოთ პატარებში დამახსოვრების მექანიკური ხერხები. ნუ დაღლით მათ ტექსტის დაზუთხვით (ის აუცილებლად დაავიწყდება მოკლე დროში), გამოუმუშავეთ განსაკუთრებული ხერხები, რომელიც დაეხმარება მასალის უკეთ დამახსოვრებაში.
     სწავლის დროს განსაკუთრებული როლი სმენით მეხსიერებას ენიჭება, რადგან ინფრომაციის 70% ჩვენ სწორედ აღქმის ამ საშუალებით ვიღებთ.
     დღეს ფსიქოლოგები დარწმუნებულები არიან, რომ მექანიკური ვარჯიშებით – დიდი რაოდენობით ლექსებისა და ტექსტების დაზეპირებით მექხიერების გაუმჯობესება შეუძლებელია. აუცილებელია ბავშვის აზროვნების და უნარების განვითარება, დამახსოვრების სხვადასხვა ხერხის გამოყენებით. ხმამაღლა წარმოვთქვათ იმის სახელწოდება, რასაც ბავში ხედავს და ესმის; სასაწავლო მასალასან დაკავშირებული სხვადასხვა ასოციაციებისა და მოგონებების ჩართვა; სიტყვების და სახეების დაჯგუფება, რომელიც უნდა დაიმახსოვროს რაიმე ერთი ნიშნის მიხედვით; მხედველობითი ასოციაციების ჩართვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას. გამოიყენეთ ასეთი ხერხიც: სიტყვების და ფრაზების დასამახსოვრებლად გავაკეთოთ პატარა სქემატური ნახატები, მერე რომ შევხედავთ, ადვილად გავიხსენებთ ამ სიტყვებს. ეს ვარჯიშები ყოველთვის თამაშის ფორმით ჩავატაროთ, თან აუცილებლდა დადებითი ემოციებითა და განწყობით.

     როგორც ხედავთ, ამ რჩევების განხორციელება რთული სულაც არაა. მთავარია, მშობლებმა ძალისხმევა არ დავიშუროთ და საწადელ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ! აუცილებლად შევაქოთ პატარა. ნუ გადავტვირთავთ რთული ამოცანებით, ბავშვმა თვითონ უნდა შეიგრძნოს საკუთარი მიღწევები და ჩვენთან ერთად უხაროდეს.  

No comments: