Babies and Parents

07 June 2012

საიდან ჩნდებიან ბავშვები?



ამასწინათ ლაშამ მკითხა: „საიდან ჩნდებიან ბავშვები?“  
პასუხზე თავის არიდება რომ არ გამოვა, ეს ვიცი. ოდესღაც ხომ მაინც მომიწევს მასთან ამ თემაზე საუბარი. ვიცი, ყოველთვის სჯობს ბავშვს ასეთ მნიშვნელოვან თემებზე მშობელი ესაუბროს, ვიდრე სხვა.
ბავშვობაში ალბათ ყველას გვიყვებოდნენ სასაცილო ისტორიებს როგორ მოფრინდა წერო ბოხჩით ან კომბოსტოში ნაპოვნ საფენებში გახვეულ ბაიებზე. ასე მახსოვს. და სულაც არ მჯეროდა ამ ამბების. პასუხი ყოველთვის მაეჭვებდა. ვფიქრობ, აჯობებდა მშობლებს სიმართლე ეთქვათ.



რამდენიმე რჩევა გამოცდილი დედებისგან მივიღე:)
შვილთან ამ თემაზე საუბარი დავიწყოთ იმით, რომ  ვუთხრათ მთავარი: დედა და მამა შეხვდნენ, მერე  ერთმანეთი შეუყვარდათ. 3-5 წლის ბავშვს ანატომიურ წვრილმანებს ნუ მოვუყვებით. ვუთხრათ, რომ ის დედიკოს მუცელში იზრდებოდა. იქ თავს ძალიან კარგად, თბილად და მყუდროდ გრძნობდა. მაგრამ მერე გაიზარდა და მუცელში აღარ ეტეოდა. დედიკო სამშობიაროში წავიდა, სადაც კეთილი ექიმი დაეხმარა ბავშვის გაჩენაში. აი ასე დაიბადა პატარა ცნობისმოყვარე.
თუ ბავშვს აინტერესებს როგორ გამოძვრა  მუცლიდან, მაშინ მოვუყვეთ, რომ დედიკოს სხეულს აქვს ერთი ადგილი, რომელსაც ვერავის აჩვენებს. ნუ შევაშინებთ პატარას საკეისრო კვეთის და მშობიარობის პროცესის შესახებ თხრობით.
 5 წლის ბავშვს უფრო მეტი აინტერესებს. მაგალითად, ბიჭი და გოგო რომ განსხვავებული აგებულების არიან და რომ ქალს და მამაკაცს, თავიანთი ორგანოების დახმარებით შეუძლიათ ბავშვის გაჩენა.
მთელი ანატომიის მოყოლა არ დაგვჭირდება, თუ რომელიმე კარგ ილუსტრირებულ ენციკლოპედიას ან სახელმძღვანელოს მოვიშველიებთ, მაგალითადმხიარული საუბრები ჰიგიენის, სექსისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ“ (ავტორები: თამარ ლებანიძე, გია ქარჩხაძე, გამომცემლობა დიოგენე, 2003).  მოზარდი, ყოველთვის მზად არ არის ჰკითხოს მშობლებს სიყვარულსა და სექსზე. პასუხები ამ კითხვებზე ყურმოკვრით გაუგია. ყველა მშობელსაც არ შეუძლია კომპეტენტური პასუხის გაცემა. არ არის ადვილი აუხსნა ბავშვს რით განსხვავდება სიყვარული სექსუალური ურთიერთობებისგან, ჩანასახი - ნაყოფისგან, მოზარდები - ზრდასრული ადამიანებისგან. იმ ბავშვებისთვის და მშობლებისთვის, ვისაც არ სურთ დაიკარგონ მეცნიერული ტერმინების ლაბირინთებში, ვფიქრობ სასარგებლო იქნება ეს წიგნი. ვეცადოთ ვიპოვოთ მარტივი სიტყვები ყველაზე სერიოზული რამების ასახსნელად.

1 comment:

Sophie שרה Golden said...

ეს რა კარგი ბლოგი ვიპოვე, ძალიან მიხარია.

ჩემი თავი გამახსენდა, როგორ ვკითხე პირველად დედას, როგორ გავჩნდი–მეთქი და მანაც ზუსტად ასე თბილად და ბავშვისთვის შესაფერის ენაზე ამიხსნა, რისთვისაც დღემდე მადლიერი ვარ.